ქუთაისის აეროპორტში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე გამოძიება
მიმდინარეობს.
შშს–ს ცნობით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის
საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების
ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 331 –ე მუხლით გრძელდება, რაც
ტერორიზმის სესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 331 – ე
მუხლის თანახმად ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება
ისჯება:
1. ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ
წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ)
ჩადენილი არაერთგზის; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
25 ოქტყომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე
გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „ვიზეარის“ რეისმა W6 1576 ქუთაისი
- ვარშავას მიმართულებით იძულებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის
ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული
საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა.
"ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და
რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება
განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი
უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან. აღმოჩნდა ცრუ განგაში,"–
ნათქვამია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციის განყოფილებას ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის
ოპერატორი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ცნობათა ბიუროს ტელეფონზე
დარეკა უცნობმა ქალბატონმა და ოპერატორს განუცხადა, რომ ერთ-ერთი
რეისში მჯდომ კონკრეტულ პიროვნებას და მის თანმხლებ პირს
ააფეთქებდა.
ქალის ვინაობა დადგენილია. მან სამართალდამცველებთან სატელეფონო
გამოკითხვისას განაცხადა, რომ ის გაბრაზებული იყო სიძეზე და აღელვების
ნიადაგზე დარეკა ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის
ოპერატორთან.
მასალის გამოყენების პირობები