ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ნატო ქათამაძე, რომელიც
ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციის ინიციატორი იყო, ამბობს, რომ 2016
წელს შემუშავებულ პროექტში კალაპოტის დაბეტონება გათვალისწინებული არ
იყო.
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ეჭვს გამოთქვამს, რომ მერიამ პროექტს,
რომელშიც 30 000 ლარი გადაიხადა, გადაუხვია.
ნატო ქათამაძე, ასევე, აცხადებს, რომ ოღასკურის რეაბილიტაციის
საკითხი დღის წესრიგში მან დააყენა და ახლა ეს აღარავის ახსოვს.
"40 წლიანი პრობლემა დავძარი და დღეს აღარავის ახსოვს ვინ დააყენა ეს
პრობლემა. როდესაც მივაღწიე იმას, რომ პროექტი გაკეთდა, მის
დაფინანსებაზე უარი თქვეს. როგორც შემდეგ მითხრეს, ქალაქის მაშინდელ
მერს, შოთა მურღულიას უთქვამს, პრიორიტეტული საკითხი არ იყოო.
პროექტში საერთოდ არ არის საუბარი ფსკერის დაბეტონებაზე, საინტერესოა,
შეცვალა თუ არა მერიამ პროექტი და თუ შეცვალა, რატომ"? – აცხადებს
ნატო ქათამაძე.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტის
სამუშაოები ახალი პროექტით მიმდინარეობს, რომელშიც მერიას ფული არ
დაუხარჯია და ის ქალაქის ხელისუფლებას ინდ.მეწარმემ ვაჟა
ოქროპილაშვილმა აჩუქა.
თუმცა, ფაქტია, რომ მერიამ 2016 წელს შედგენილი პროექტის
გამოყენებაზე უარის თქმით, ქალაქის ბიუჯეტს 30 000 ლარი
დააკარგვინა.
მერიის ინფორმაციით, ამჟამად მდინარის კალაპოტის მოწყობა მონოლითური
ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს როგორც ჯებირების, ასევე,
ფსკერის მოწყობას.
"შესაბამისად, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება ქუჩების
დატბორვა. ამასთან, მომავალში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის
ნარჩენები ადვილად გაიწმინდება რათა მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ
დადგეს დატბორვის საშიშროების წინაშე," - აცხადებენ მეერიაში.
მათი ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს ჯავახიშვილის ქუჩიდან #32
სკოლამდე მდინარე ოღასკურას კალაპოტის კაპიტალურად მოწყობას.
"სხვადასხვა დროს დაგროვებული სილისა და ნალექის გამო, მდინარის
კალაპოტი 3-4 მეტრამდე იყო შემცირებული, ახლა ის 7 მეტრამდე
გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან,
მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა და გაიზარდა მისი
სიმაღლე," - აღნიშნავენ ქუთაისის მერიაში.
სამუშაოები ერთი წლის ვადაში უნდა დასრულდეს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში მდინარე დააბეტონეს (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები