ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე გაზგამწოვებიდან
გამოტანილი მტვრის გროვის უტილიზებაზე, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ
მოწვეული პოლონელი სპეციალისტები მუშაობენ.
სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის გადაწყვეტილებით,
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქარხნის ეზოში
არსებული მტვრის გროვა ბალახის საფარით დაიფარება.
"წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მტვრის გროვის
დაფარცხვის დასრულების შემდეგ, ეზოში არსებული გზა გეოტექსტილით
დაიფარება. შემდეგ კი, სპეციალისტების განმარტებით, ბალახის
ჰიდრო-დარგვის პროცესი დაიწყება, რაც შვიდ დღეს გასტანს.
პირველ მწვანე საფარს დეკემბრის დასაწყისში ელოდებიან. მტვრის გორები
ბალახით სრულად დაიფარება, რის შემდეგაც, მტვერი ჰაერში აღარ
გაიფანტება," - აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით,
ფეროშენადნობთა ქარხანაში დაწყებული სამუშაოები ინტენსიურად
მიმდინარეობს. პოლონურ კომპანია "აგრო მაქს დეკორთან" გაფორმებული
ხელშეკრულების თანახმად, პროცესი ორ თვეში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები