საქართველოს მასშტაბით კვლევა იწყება, რომელიც ოჯახების, ბავშვებისა
და ქალების მდგომარეობას, ასევე, წყლის ხარისხსა და სისხლში ტყვიის
შემცველობას შეისწავლის.
ამ განსახორციელებელ კვლევაზე ისაუბრეს დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე ქუთაისში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
(საქსტატი), გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის
ეროვნულის ცენტრის წარმომადგენლებმა.
მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარე წლის 20 სექტემბერს დაიწყება და
ამავე წლის 20 დეკემბერს დასრულდება.
"კვლევის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები განათლების, ჯანდაცვის,
ბავშვის განვითარებისა და ზრუნვის, აღზრდის, ადრეული ქორწინების,
ენერგიის მოხმარების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის, ასევე,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, დევნილებისა და ეროვნული
უმცირესობების მდგომარეობის შესახებ", - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის
სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი, თინათინ ბაუმი.
კვლევა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ყველა რეგიონში
ჩატარდება, როგორც ქალებში, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში, სულ 14
000 ოჯახში. ის საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაეროს
ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით
ტარდება. კვლევას ფინანსურად სხვა დონორებიც ეხმარებიან.
"კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას დაგეგმოს და
შეიმუშავოს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა", - ამბობს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტმანეტის იმერეთის
სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე.
კვლევის ფარგლებში ინტერვიური გაესაუბრება ოჯახის წევრებს და
მათთან ერთად შეავსებს კითხვარებს, მზომავი გაზომავს ბავშვის
სიმაღლესა და წონას, აიღებს სასმელი წყლის სინჯს, სპეციალიზირებული
მედდა, მშობელთა თანხმობის საფუძველზე, აიღებს სისხლის სინჯს 2-7 წლის
ბავშვისგან, სისხლი გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან
ლაბორატორიაში და შემოწმდება ტყვიის შმეცველობაზე, ანალიზის პასუხები
კონფიდენციალურობის დაცვით, ეტაპობრივად გაეგზავნება ოჯახებს
საჭიროების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ უფასო
კონსულტაციებს.
1995 წლიდან დღემდე 295 კვლევა ჩატარდა 107 ქვეყანაში. საქართველოში
ბოლოს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა 2005 წელს ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები