შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით განმარტებას
აკეთებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საჯარიმო ქვითარი
www.police.ge - ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული
პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების
ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.
2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად:
სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ
მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება; საგზაო უსაფრთხოების
სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის
შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) საშუალებით
მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის
შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; თუ პირი
ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში
არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას
ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება; ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის
მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს
ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება; საჯარიმო ქვითრის ფოსტის
მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ
გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე:
www.police.ge
საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის
ჩაბარებულად მიიჩნევა: ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული
სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს
საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის
შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის
შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
იძულებითი აღსრულების წესი;ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ
სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1
წლამდე გაიზარდა.
მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი
გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის
საშუალებით; აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ
ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები