ქუთაისის ხელმძღვანელი პირების ახლობლები ადგილობრივ
თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობაზე არიან დასაქმებულნი.
ისინი 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ
დაინიშნენ.
არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში, კულტურის ააიპ-ში
თანამდებობა დაიკავა საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ოთარ
ლორთქიფანიძის მეუღლემ, მარიამ ჯანელიძემ. „არ ვაპირებ ამ
შემთხვევაში კითხვებზე პასუხის გაცემას“, - გვითხრა მარიამ
ჯანელიძემ. თავად ოთარ ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ თვითმმართველობაში
მოსვლის შემდეგ კულტურის ააიპში მეუღლის დასაქმებაში პრობლემას ვერ
ხედავს. "უხერხულობას რატომ უნდა მიქმნიდეს, ჩემი მეუღლე
კულტურის ააიპში ყველაზე დაბალ პოზიციაზეა და ისედაც, თავისი საქმის
კარგი მცოდნეა", - ამბობს ლორთქიფანიძე.
მარინა ჯანელიძისგან განსახვავებით, საკითხის შეფასებისგან თავს არ
იკავებს ზაზა ჩხიკვაძე, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლის დირექტორად
არჩევნების დასრულების შემდეგ დანიშნეს. ზაზა ჩხიკვაძე ქუთაისის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რამაზ ჩხიკვაძის ძმაა. თუმცა,
თანამდებობის დაკავებას არა ნათესაურ კავშირს, არამედ საკუთარ
პროფესიონალიზმს უკავშირებს. ამის შესახებ მან
ქუთაისიპოსტს ორი თვის წინ განუცხადა: "მე მაქვს
ჩემი წარსული, ჩემი CV. ქუთაისში შეიძლება ერთეულები იყვნენ, ვისაც
ასეთი CV ექნება. იცოდნენ, რომ მქონდა რაღაც წარსული, ვმუშაობდი
სერიოზულ ორგანიზაციებში და სწორედ ჩემი მენეჯერული საქმიანობიდან
გამომდინარე მოხდა შერჩევა". ზაზა ჩხიკვაძემ ამჯერად განმარტების
გაკეთება არ ისურვა.
თავად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე კი აცხადებს,
რომ უხერხულობას არ გრძნობს სპორტის სასახლის დირექტორად მისი ძმის
დანიშვნის გამო: "რატომ გგონიათ, რომ დისკომფორტი უნდა შემიქმნას იმ
კაცის დანიშვნამ, რომელსაც უამრავი თანამდებობა აქვს გამოცვლილი
თავისი კარიერის განმავლობაში. ის თავისი საქმის პროფესიონალია, რასაც
ძალიან კარგად აკეთებდა ყველგან".
ჩხიკვაძის მსგავსად, ნეპოტიზმს უარყოფს ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკის
დირექტორი ნანა ჩალაძეც. ის იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის
შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის მეუღლეა. ჩალაძე პოლიკლინიკის
დირექტორის თანამდებობაზე მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა, მაშინ
როცა მისი მეუღლე ქუთაისის მერის მოადგილე გახლდათ. მე-4 შერეული
პოლიკლინიკის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა. „ჩემმა
მეუღლემ მეოთხე პოლიკლინიკის არსებობაც არ იცოდა. ეს იყო შემოთავაზება
მერიიდან, რაზედაც დავთანხმდი“, - ამბობს ნინო ჩალაძე. ის
პოლიკლინიკის დირექტორად დანიშვნამდე სისხლის ბანკში მუშაობდა.
დასაქმებაში ნათესაური კავშირის გავლენას უარყოფს მერიის ახლადშექმნილ
ააიპ „ქუთგანათებაში“ კადრების სპეციალისტის პოზიციაზე დანიშნული
მარიამ ჩინჩალაძეც, რომელიც იმერეთის ადმინისტრაციის უფროსის
მოადგილის, სალომე ჩინჩალაძის დაა. „ნათესაურ კავშირს არანაირად არ
უკავშირდება ჩემი დასაქმება, რადგან მე პარტიაში ვმუშაობდი ორი წელი“,
- ამბობს მარიამ ჩინჩალაძე. ააიპ ორგანიზაცია მიმდინარე წლის იანვარში
შეიქმნა.
ნათესაური გავლენით სამსახურებში დასაქმების ფაქტებს უარყოფენ
ქუთაისის მერიაშიც.
"ადგილობრივი თვითმმართველობა კატეგორიულად გამორიცხავს საჯარო
სამსახურში ნეპოტიზმის ნიშნით ადამიანების დანიშვნას. ყველა ის
მოქალაქე, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმდა, კანონის შესაბამისად
აკმაყოფილებს ყველა საკვალიფიკაციო დონეს. ყველა დასაქმებული შეირჩა
პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით", - აცხადებენ ქუთაისის
მერიაში.
იურისტები განმარტავენ, რომ ნეპოტიზმის საკითხი კანონმდებლობით არ
რეგულირდება. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის" ქუთაისის
ფილიალის ხელმძღვნელი ზაალ გორგიძე ამბობს, რომ ნათესაური გავლენით
პირების თანამდებობზე დანიშვნა, სულ უფრო აქტუალური და მზარდი
ხდება.
„ასე იყო შევარდნაძის პერიოდშიც, სააკაშვილის დროსაც და ახლაც.
მაგრამ, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ნათესაური გავლენით
არაკომპეტენტური პირები ინიშნებიან. ვერ გეტყვით, ქუთაისის მერიაში
მურღულიას დროს უფრო იყო ნეპოტიზმი თუ ახლა, მაგრამ, დღეს
თვითმმართველობაში არაპროფესიონალი კადრი არის ძალიან ბევრი," -
ამბობს ზაალ გორგიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო
ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარის, კოტე კანდელაკის თქმით, მიუხედავად
იმისა, რომ ნათესაური გავლენით თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
კანონი არაფერს ამბობს, ნებისმიერი მთავრობის თანამდებობის პირებმა
ამისგან თავი უნდა შეიკავონ.
"ნეპოტიზმი რომ ცუდია, ამას საუბარი არ უნდა. ამ ფორმით, თუნდაც
პროფესიონალები დაინიშნონ, მაინც არ არის სწორი გადაწყვეტილება," -
მიიჩნევს კანდელაკი. მისი თქმით, სამსახურებში ადამიანები კონკურსის
გზით უნდა დასაქმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები