გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არ არსებობის, ან სტანდარტებთან
შეუსაბამობის გამო, 465 ლიცენზირებადი ობიექტი დაჯარიმდა, 252 ობიექტს
კი გაფრთხილება მიეცა.
2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ჩატარებული არაგეგმიური
შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს შემოწმება 1640 ობიექტში ჩატარდა.
შს მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლიცენზირებადი სააფთიაქო
ქსელები, აზარტული თამაშების ობიექტები (მათ შორის ტოტალიზატორი,
სლოტ-კლუბი, ლოტო, სამორინე), ავტო-გასამართი სადგურები და სავალუტო
ობიექტები ვალდებულნი არიან, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის
დამონტაჟება და შეუფერხებლად მუშაობა უზრუნველყონ, რაც შინაგან
საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ირგვლივ მტკიცებულებების
მოგროვებაში დაეხმარება და დანაშაულის უმოკლეს ვადაში გახსნას
შეუწყობს ხელს.
არაგეგმიური შემოწმების შედეგად კონტროლდება გარე ვიდეო-სამეთვალყურეო
სისტემა, რამდენად ეფექტურად ფარავს ხედვის არეალს, დამონტაჟებულია თუ
არა ობიექტის გარე პერიმეტრზე 2 მთავარი კამერა, რომლის დამონტაჟება,
გარდა აფთიაქებისა, ყველა სხვა ობიექტს ევალება.
ასევე, შესაძლებელია თუ არა ძირითადი ან სათადარიგო შესასვლელიდან 20
მეტრის რადიუსის დაფარვა, აქვს თუ არა სისტემას 30 დღიანი ჩანაწერის
შენახვის მეხსიერება, არის თუ არა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3
მეგაპიქსელისა და დღე-ღამის რეჟიმში იძლევა თუ არა ვიდეოჩანაწერი
შესაძლებლობას, რომ ზემოაღნიშნულ არეალში მოხდეს პიროვნების სახის
იდენტიფიკაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სათვალთვალო სისტემების
შემოწმებას დაქვემდებარებულ ობიექტებს ლომბარდებიც დაემატება.
მასალის გამოყენების პირობები