ქუთაისის მერიაში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობის
განყოფილება შეიქმნა, სადაც ხუთი ადამიანი დასაქმდება.
განყოფილება, რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურის
დაქვემდებარებაში იქნება, ოპერატული ფუნქციებით აღიჭურვება.
მოქალაქის შეტყობინების შემთხვევაში, თანამშრომლები ადგილზე გავლენ და
კანონდარღვევის ფაქტს აღკვეთენ.
მათი საქმიანობა შეეხება მაგალითად, თამბაქოს რეკლამირებას, ხმაურის
შესახებ კანონის დარღვევას და სხვა რეგულაციებს. განყოფილების
თანამშრომლებს მოქალაქეების დაჯარიმების უფლებაც ექნებათ.
მერიაში, დამატებითი შტატების შექმნას, წინასაარჩევნოდ
პოლიტიკური აქტივის მობილიზაციად აფასებს ოპოზიცია. საკრებულოს
დეპუტატის, მერაბ მეშველიანის თქმით, ამასთანავე, ეს 50 000
ლარამდე გაზრდის ბიუჯეტის ხარჯს.
"ამ ფუნქციების შესრულება სამსახურს არსებული რესურსითაც შეეძლო,
მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური აქტივის მობილიზაცია
წინასაარჩევნოდ",- ამბობს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, მერაბ
მეშველიანი.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით,
ახალ შტატებზე სახელფასო ანაზღაურება მინიმალური იქნება.
"ხელფასი იქნება 550 და 650 ლარი. ხუთი თანამშრომელი არ არის დიდი
შენაძენი ჩვენი სამსახურისთვის, მაგრამ ვეცდებით არსებული რესურსებით
შევასრულოთ ჩვენი ფუნქციები", - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
მისივე თქმით, ახალი განყოფილების შექმნა "ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რაც
თვითმმართველ ერთეულებს დამატებით ზედამხედველობით ფუნქციებს
აკისრებს.
მერიის ახალი თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან.
მასალის გამოყენების პირობები