ახალი ამბები
ჭიათურის საკრებულოს მოადგილე თანამდებობასთან ერთად საქართველოსაც ტოვებს
FaceBook
ჭიათურაში, რესტორანში მომხდარ დაპირისპირებაში, ძალადობაში ბრალდებულის მხარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა არსანიძე თანამდებობასთან ერთად, საქართველოსაც ტოვებს. 
ამ ფაქტს ასანიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ადასტურებს, თუმცა ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება ჭიათურაში მომხდარ ინციდენტამდე მიიღო.

ასანიძეს ემიგრაციაში გამგზავრების თაობაზე განცხადება ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრმა გაავრცელა, რომლის ადრესატიც საქართველოს მაღალჩინოსნები არიან. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს პრემიერ -მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს, ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ლომჯარიას, დიასპორის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ რატი ბრეგაძეს: ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატობის მანდატს ტოვებს და კვლავ ემიგრაციაში მიემგზავრება.

ბოლო დროს ჭიათურაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ფაქტობრივად სოც, ქსელში და ტელე არხებზე დიდი მითქმა-მოთქმაა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ემოციური კომფორტით კმაყოფილია, მაგრამ რა ზეგავლენას ახდენს, ( თუ მასზე ახდენენ) „საუკუნის გმირზე“ ჭიათურის პოლიციის უფროსზე, არეულ - დარეული იაფფასიანი ჩაწოდებული პოზიციები.  ხელმძღვანელთაგან მხოლოდ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა. ჯერ კიდევ პირამოკერილი ახალგაზრდების თათარიახლად გამომცხვარი საქმეები არ განელებულა, ჭიათურა კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ინტერესთა დაპირისპირება პარტია ოცნების წევრებს შორის მოხდა. საქმეში ჩარეულია ჭიათურის პოლიციის უფროსი.

საქმეების ჭრა-კერვის ოსტატები გავლენიანი ნათესავებით, თუ მეგობრებით კარგად „გულაობენ“ ქალაქში. საქმე ეხება დეპუტატს, რომელსაც ბრალად ედება ჭიათურაში მოქალაქეზე ძალადობა, ქალბატონი ინა ასანიძე,ხელისუფლებას აღარ ენდობა და პროტესტის ნიშნად ტოვებს მანდატს, რომელიც მას ხალხმა მიაკუთვნა და გაემგზავრება ემიგრაციაში.

არადა ქალბატონი ინა ამერიკიდან, ჩემო საოცნებო მთავრობავ, თქვენ გიჭერდათ მხარს და თქვენთვის იბრძოდა, ეს ქალბატონი გახლავთ ორგანიზაცია “მე დავბრუნდები“ დამფუძნებელი. პროექტის „წარმატებული ემიგრანტი ქალის“ ავტორი, რომელიც ემიგრაციაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. დღეს დეპუტატი ტოვებს მანდატს მის მიმართ დადგმული უნიჭო სსპექტაკლის გამო და რატომღაც არ იკითხებიან მილიციის უფროსი და მისნი ძმანი, ან რაში სჭირდება შ. ს. ს. მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, ასეთი პოლიცია, რომელიც ქალაქში ქმნის მონოპოლური ძალაუფლების მქონე იმიჯს და არცხვენს უწყებას, პოლიცია უნდა იცავდეს თანამოქალაქეებს და იცავდეს სიმართლეს.

ტყული ჩვენებები და ზეწოლა მოქალაქეებზე ვიღაცის მხარდაჭერის მიზნით,ძალაუფლების გადამეტებაა, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა , სასწრაფოდ უნდა მოშორდეს პოლიციის უფროსი ქალაქიდან და ყველა, ის ადამიანები ვინც ფიგურირებენ და დისკრედიტაციას უკეთებენ სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტს. პოლიციის დაუდევრობაა ნაპოვნი მამაკაცის გაფრინდაშვილის გვამი ჭიათურაში, რომელზეც არავითარი ექსპერტიზა და გამოძიება არ ჩატარებულა, ვინ მოკლა, ან რატომ მოკლა მამაკაცი და ამ დროს პოლიცია გასცემს ბრძანებას გვამის იმ დღესვე დასაფლავების შესახებ. რამეთუ გაუხსნელი საქმე არ აიკიდონ. იქნებ დაინტერესდეს გამოძიება, იქნებ დაინტერესდეს ხელისუფლება და დაადგეს საშველი ბიძაშვილ-მამიდაშვილობის, ძმობა მეგობრობის და კლასელ- ნაცნობობის გარანტიებით სახელმწიფოს მართვას," - ნათქვამია ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინა ასანიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეს პოსტ დატოვებას მიმდინარე წლის 2 აგვისტოს აპირებს. 

ინა ასანიძის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ჭიათურის რესტორანში 13 ივლისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. მანამდე კი მან ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრები, რომელიც ქუთაისიპოსტს მისი თანდასწრებით ერთი დღის წინ აჩვენა, ახლა მხოლოდ ფოტოს სახით გაასაჯაროვა.

ქუთაისიპოსტისთვის მის მიერ მოწოდებულ ფოტოზე ჩანს რესტორანში მომღერალი ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და მის გვერდით მდგომი მამუკა მახათაძე, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მმართველ პირებს ძალადობაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება რესტორან "შუა გზაში" მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შემდეგაც პოლიციაში შევიდა განცხადება, ჭიათურის მერის, პაატა ნადირაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ინა ასანიძის მხრიდან მოქალაქეების ცემის თაობაზე. შსს -მს ამ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ნადირაძე და ასანიძე მომხდარ ფაქტს დადგმულ სპექტალკს უწოდებენ. მათი მომხრეები კი აცხადებენ, რომ საქმეში პარლამენტარის, ჭიათურის ყოფილი გამგებლის, სულხან მახათაძის ბიზნეს-ინტერესები ფიგურირებს. სულხან მახათაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

რაც შეეხება მამუკა მახათაძეს, რომელიც ინცინდეტში მონაწილე პირი გახლავთ, ირწმუნება, რომ ფიზიკური დაზიანება, რომელიც ინა ასანიძის თქმით მას რესტორანში შესვლითანავე აღენიშნებოდა სწორედ ასანიძემ მიაყენა.

მახათაძე ამბობს, რომ ჩხუბში ინა ასანიძესთან ერთად ქალაქის მერიც მონაწილეობდა. მამუკა მახათაზე ქუთაისიპოსტთან ინციდენტის დეტალებს ყვება.

პაატა ნადირაძის გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ ჭიათურის ახლანდელი მერის მმართველობის პირობებში, მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს, სულხან მახათაძეს ბიზნესში ხელი ეშლება. ამ ფონზე, მომხდარის მთავარ მოტივად პროვოკაციას ასახელებენ. პროვოკაციის საფუძველად კი ჭიათურის ახლანდელი მერის დისკრედიტაციას, რომელსაც მახათაძე პოლიციის უფროსის ხელით ახორციელებს.

დუმილს ირჩევს, პროვოკაციაში დადანაშაულებული პოლიციის უფროსი ლაშა ჩხიტუნიძეც. მან "ქუთაისიპოსტთან" პირად საუბარში მხოლოდ ის განმარტა, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

ჭიათურაში, რესტორან "შუა გზაში" 13 ივლისის ღამეს მომხდარ ინციდენტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 259-ე მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობას გულიხმობს.

საქმის სხვა დეტალებზე "ქუთაისიპოსტის" მიერ დასმულ შეკითხვებზე, სხვების მსგავსად, შსს უწყებაშიც ჯერჯერობით დუმილს ირჩევენ.


ამავე თემაზე:

კადრები ჭიათურის რესტორნიდან, სადაც ჩხუბში მონაწილე მერი ძალადობაში ბრალდებულია

ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რესტორანში მომხდარი ინციდენტის გამო თანამდებობას ტოვებს

რესტორანში მომღერალი ჭიათურის მერი - ჩხუბი თუ დადგმული სცენა - რა ჩანს ვიდეოკადრებში

"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ

შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის გადადგომაა

შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც იგვიანებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.