პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო" ქალთა მიმართ ოჯახური
ძალადობის წინააღმდეგ ახალი ინიციატივით გამოდის.
ამ საკითხზე პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი
გამართა. დეპუტატის თქმით, მზად არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც
ოჯახური ძალადობის დროს პოლიციის გამოძახებისას პირის დაკავება არა
შემაკავებელი ორდერით, არამედ 48 საათით უნდა მოხდეს.
"ევროპული საქართველო" მზად არის ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან და
ცვლილება დაჩქარებულ რეჟიმში მიიღონ.
,,48 საათში შევძლბთ რეალურ განრიდებას შესაძლო მოძალადის ოჯახისგან
და ქალებისგან. ეს 48 საათი არის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი
შესაძლო მოძალადეებისთვის. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთვება სასამართლო
და საკითხი სრულყოფილად იქნება განხულული. ამით შევძლებთ შემაკავებელი
ორდერი იყოს არა მხოლოდ ფურცელი, რომელსაც არაფრად აგდებენ
მოძალადეები, არამედ რეალური განრიდება მოხდეს ქალების
მოძალადეებისგან", - განმარტავს ელენე ხოშტარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის შესახებ შემოსული შეტყობინებებისა
და სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს, რათა ასეთ ფაქტებზე
რეაგირება იყოს კიდევ უფრო დროული და ეფექტიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი
მუშაობის შედეგად, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა.
2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის
ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ
პერიოდში ორჯერ მეტ - 1 179 შეტყობინებაზე, რაც ადასტურებს, რომ
პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე,
აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან.
"თუმცა ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისა და მომართვიანობის
მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც
თავს იკავებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან, არ
ატყობინებენ დანაშაულის შესახებ პოლიციას ან შეტყობინების შემდეგ უარს
აცხადებენ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც მოძალადეს
უბიძგებს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე ძალადობის ჩადენისაკენ,"
-
აცხადებენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები