ქუთაისში მოუწესრიგებელი გზის საფარი, მერიისა და სამხარეო
ადმინსტრაციის ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასების ფონზე, გააპროტესტეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა
მოსახლეობასთან ერთად იაშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ამ კონკრეტული ქუჩიდან, სადაც
მწყობრიდან არის გამოსული გზის საფარი, ადგილობრივ მთავრობას
ვალდებულებებს ახსენებენ.
"გუბერნატორს 2 950 ლარი 5 900 ლარით შეეცვალა. არანაირ
ზედამხედველობასა და კონკრეტულ ქმედებებს არ ახორციელებენ
ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მათ ხელფასებს ჰქვია შრომის
ანაზღაურება და რა იშრომეს ამ ადამიანებმა ძალიან გვაინტერესებს. ჯერ
იშრომონ და ანაზღაურება მერე აიღონ", - ამბობს პარტიის ქუთაისის
ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბესიკ ბრეკაძე.
ქუთაისი, იაშვილის ქუჩა
"ძლიერი წვიმის დროს წყალი შემოდის სარდაფებში. ქალაქის მერიც ამ
ქუჩაზე ცხოვრობს და მიხედოს იქნებ. არ მინდა ასეთ ქუჩაზე ვიცხოვრო", -
ამბობს იაშვილის ქუჩაზე მცხოვრები, ზურაბ შეწირული.
აქციის მონაწილეებს ქუთაისის მერიაში პასუხობენ
და განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი
ინფრასტრუქტურული პროექტებია.
რაც შეეხება, კონკრეტულად იაშვილის ქუჩას, ამბობენ, რომ უკვე
გამოცხადებულია ტენდერი პროექტის შეძენაზე და პროცედურების დასრულების
შემდეგ აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება.
"ქუთაისის მერიამ უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დაიგო
ზვიად გამსახურდიას, შარტავას, გაპონოვისა და ფანჯიკიძის ქუჩები.
ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით იწმინდება სანიაღვრე ქსელი იმისთვის,
რომ მოსახლეობა დატბორვისგან დავიცვათ. აგრეთვე, უკვე დასრულდა
იაშვილისა და ნაზარიშვილის პირველი შესახვევების რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ ამ ჩიხებს რეაბილიტაცია, დაახლოებით, 20 წელია არ
ჩატარებია, არც ყოფილი ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება 24
საათიანი წყალმომარაგების სამუშაოებს, ყოველდღიურ რეჟიმში
ვმუშაობთ კომპანია ,,ეს ემ კა"-სთან და ჩვენ მეთვალყურეობას ვუწევთ
აღნიშნულ სამუშაოებს, რომ თითოეულ ქუჩაზე დროულად და ხარისხიანად
შესრულდეს სამუშაოები,"- განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
მასალის გამოყენების პირობები