საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმციით,
საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით მოიმატა.
უწყების ცნობითვე, საქართველოში სწავლების პოპულარიზაციას ხელი იმან
შეუწყო, რომ მიმდინარე წელს საქართველოს უნივერსიტეტები რამდენიმე
საერთაშორისო გამოფენასა თუ კონფერენციაზე წარსდგნენ პროექტით
"ვისწავლოთ საქართველოში".
"პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ინიცირებულია და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო
ჰაბის პოპულარიზებას და უცხოელი სტუდენტების მოზიდვას," - ნათქვამია
საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ
ინფორმაციაში.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი
სასწავლებლები, მსოფლიოს წამყვანი და ცნობილი უმაღლესი
დაწესებულებების მსგავსად, დაინტერესებულ უცხოელ მოქალაქეებს თავიანთ
უცხოენოვან საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს და საქართველოში
სწავლის პირობებს აცნობენ.
განათლების სამინისტროს ცნობით, პროექტის საწყის ეტაპზე, საერთაშორისო
საგანმანათლებლო ბაზარზე საქართველო, როგორც ქვეყანა, ბევრი
უცხოელისთვის აღმოჩენა იყო.
"დღეს უკვე საგრძნობლადაა გაზრდილი ჩვენი ქვეყნისა და მისი
საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობა. გამოფენებში საქართველოს
უნივერსიტეტების მონაწილეობამ ნათლად აჩვენა, რომ აუცილებელია
ანალოგიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა, ეს
არის საუკეთესო საშუალება უცხოელი სტუდენტებისა და უცხოური
ინვესტიციების მოზიდვის. პროექტის ფარგლებში, ქართულმა
უნივერსიტეტებმა, ხუთ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.
ყოველ მორიგ კონფერენციაში მონაწილეობით საქართველო ახალ
საგანმანათლებლო ბაზარზე გადის, მეტი უცხოელი პოტენციური სტუდენტი
ინტერესდება საქართველოში სწავლით და შესაბამისად, მათი
მომართვიანობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 50%-ითაა გაზრდილი,
ასევე გაიზარდა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით დაინტერესებულ
აგენტთა რიცხვი და საქართველოს უნივერსიტეტები უკვე აგენტების
გამაერთიანებელ მსოფლიო მნიშვნელობის კომპანიებთან თანამშრომლობენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, სამუშაოები
მიმდინარეობს ჩამოსული სტუდენტებისთვის სავიზო პროცედურების
გამარტივებისა და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით," -
ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოში ყველა ეროვნებისა და ქვეყნის
ადამიანი თავს დაცულად გრძნობს და აქედან გამომდინარე, რადგან
საქართველო ბოლონიის პროცესში ჩართულ ევროპის 47 ქვეყანას შორის
ერთ-ერთია, აქ მიღებული განათლებით, უცხოელი კურსდამთავრებულები
ევროპაში კარიერას წარმატებით გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები