"მოდი შენი ჭირიმეთი" ინვესტორი არ ინტერესდება. რაც ქალაქს
რეგულაციები აქვს არაა საკმარისი, რომ მსხვილ ბიზნესს ვესაუბროთ."
გასული წლის დასაწყისში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქუთაისში 132
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დააანონსა. ხელისუფლება
ამბობს, რომ ყველა მათგანი შესრულდა და 2017 წელს უფრო მეტ სამუშაოებს
გეგმავს. ოპოზიცია კი თვლის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების
შესრულებამ ადგილობრივი ხელისუფლების სისუსტე აჩვენა.
ქალაქში მიდინარე და დასრულებულ პროექტებზე, პრობლემებზე,
ინვესტიციებზე, წაგებულ სასამართლო დავებსა და დაანონსებულ
თვითმმართველობის რეორგანიზაციაზე ქუთაისისპოსტს ქალაქის მერი, შოთა
მურღულია ესაუბრება.
– რა გაკეთდა 2016 წელს ინფრასტრუქტურული კუთხით ქუთაისში
განსაკუთრებული, რაშიც თქვენ, როგორც ქალაქის მერს მიგიძღვით
წვლილი?(კონკრეტული პროექტი დაგვისახელეთ, რომელიც განხორციელდა ან
ვერ განხორციელდა და რა იყო ხელისშემშლელი მიზეზი)
– საკმაოდ ბევრი იყო. მსხვილი პროექტი რომ გამოვყოთ, ეს ნიკეას ქუჩაა.
მისი რეაბილიტაციის პროექტის მომზადება და ღირებულება არ იძლეოდა იმის
საშუალებას, რომ ეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელებულიყო.
მთავარია დაფინანსების წყაროს მოძიება. საქმე რომ გაკეთდეს, ფული უნდა
იყოს. ბევრი ამას არ უყურებს. როგორც მოსახლეობას უჭირს, ისე უჭირს
ბიუჯეტს. ჩვენ, მხოლოდ ადგილობრივი ფინანსებით, 3–4 გზაზე მეტს
წელიწადში ვერ გავაკეთებთ. ყველაზე დიდი მიღწევაა ფინანსების მოძიება.
ბოლო წლებია საუბარი არაა, რომ ფული არაა. ფული არის იმაზე მეტი,
ვიდრე შემსრულებელებს შეუძლიათ მისი ათვისება. დასრულებული
პროექტებიდან გამოვყოფდი ნიკეას ქუჩას, რაზეც საერთო ჯამში 10 მილიონი
ლარი დაიხარჯა.
– თუმცა, ეს პროექტი ასოცირდება მუნიციპალური განვითარების
ფონდთან და მოსახლეობასაც მინისტრმა მოუბოდიშა.
– ქალაქში ვერც ერთი სამინისტრო ვერ და არც გააკეთებს სააქმეს, თუ ის
ქალაქიდან არაა ინიცირებული, გარდა იმისა თუ ის სრულად არაა მისი
დაქვემდებარება. ნიკეას ქუჩა მთლინად არის ჩვენს დაქვემდებარებაში. ეს
პროექტი საწყისიდან შეთანხმებამდე სრულად ჩვენი პროექტია.
ზედამხედველობასაც ჩვენ ვახორციელებდით. რადგან მგფ იყო
დამფინასებელი, მინისტრი აქცენტს, სწორედ, ამ პროექტზე აკეთებს.
ისევე, როგორც 230–ს გადაცდა ქუჩების რაოდენობა, რაც ბოლო სამი წლის
მანძილზე გავაკეთეთ. არის პროექტები, რომლებიც შეგვიძლია გავაჯგუფოდ,
მაგალითად, სპორტული მოედნები. თითქმის, აღარ დარჩა მოუწესრიგებელი
ე.წ მეორადი ქუჩები. ცენტრალური ქუჩები არ გაკეთებულა, რადგან, სადაც
წყალი არ გამოიცვლება, იქ გზების დაწყება მიზანშეწონილი არაა. ვერ
ვიტყვი, რომ ცენტრალური გზები მოწესრიგებულია. ამ მხრივ კარგი მოდგომა
გვაქვს, აღარ გავცემთ ნებართვას, რომ გადაჭრილი გზა მერე ჩააკერონ. თუ
წყალი იცვლება, გზა მთლიანად უნდა დაიგოს, როგორც ასათიანის
ქუჩაზე.
– თუმცა, ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია ძალიან გაჭიანურდა.
გაქვთ თუ არა რაიმე მექანიზმი, რომ ჩაერიოთ და მითითებები მისცეთ
შემსრულებელ კომპანიას.
– რა თქმა უნდა, ყოველდღე ვერევით. რაც არ უნდა გაფუჭდეს, ყველას
ადგილობრივ ხელისუფლებაზე მოაქვს აგრესია. ადამიანებმა არ იციან, რომ
წყალმომარაგება არაა ქალაქის კომპეტენცია. ძალიანაც რომ მინდოდეს, მათ
ხელმძღვანელს არც ვნიშნავ და არც ვათავისუფლებ.
– გათავისუფლებაც არ აღმოჩნდა გამოსავალი. პრობლემა ისევ
რჩება.
– აქ არის დეცენტრალიზაციის პრობლემა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ
წყალმომარაგება უნდა იყოს ქალაქის დაქვემდებარებაში. ყველაზე დიდი
პრობლემები ამის გამო იქმნება. ამ ადამიანებს უნდათ, მაგრამ ისინი
არიან ვერტიკალური დაქვემდებარების, ისინი ყველა თემას ათანხმებენ
ცენტრალურ ხელისუფლებასთან. რაღაცაში შეიძლება დრო დაიკარგოს. სრულად
ამორტიზებულია წყლის სისტემა და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ თუ არ შეიცვალა
ეს ყველაფერი. ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ესაა მოვითმინოთ, როგორც
ბათუმმა მოითმინა ჩვენზე დიდი ხანი. იმ თანხით, რაც დაიხარჯა,
საუკეთესო ქუჩა გვექნებოდა, მაგრამ თუ მილი არ იქნება გამოცვლილი,
აზრი არ აქვს. გასული წლის 3 მაისს უნდა დაწყებულიყო გზის დაგება
შეთანხმების თანახმად, თუმცა დეკემბერში დაიწყო პირველი ფენის დაგება.
კონტრაქტორ კომპანია SMK-ში შეიცვალა მენეჯმენტი და ცოტათი უკეთ
მუშაობენ. ეს პრობლემა მარტო ასათიანზე არაა. ამ მხრივ ძალიან რთული
2017 წელი გველოდება. ჯავახიშვილის ქუჩიდან რუსთაველის ხიდამდე და
ნინოშვილის ქუჩაზე ცენტრალური მილი შესაცვლელია.
– ისევ SMK–მ თუ
უნდა შეასრულოს, მართლაც რთული წელი გველოდება.
– რა თქმა უნდა
SMK
შეასრულებს იმიტომ, რომ საერთაშორისო დონეზე ისინი არიან გამარჯვებული
და ჩვენ რომ არ გვინდოდეს, მინიმუმ წელიწადნახევარი გადაიდება
ქუთაისში წყლის სისტემის შეცვლა და ამხელა დროს ვერავინ დაკარგავს.
ანუ ისევ ამ კომპანიამ უნდა შეასრულოს, თუმცა ახალი მენეჯმეტით.
მაგრამ შეფერხებები იქნება, მთელი მაგისტრალი სამ დღეში არ
გაკეთდება.
– მაისიდან ოქტომბრამდე რომ სამუშაოები არ შესრულდება, ამას
უკვე შეფერხება აღარ ქვია.
– შეფერხება არ უნდა იყოს, მაგრამ სამუშაო ბევრი იქნება. როცა მე
ჩამოვედი და შევუდექი მუშაობას, მაშინ იყო თემა, რომ არაფერი კეთდება.
ახლა სხვა სტადიაში ვართ, ვერავინ იტყვის, რომ არ კეთდება, მაგრამ
დისკომფორტია, რომ დროში გაჭიანურდა. ზოგი გაგებით ხვდება ამას, ზოგი
ვერა. რა თქმა უნდა, ვერ შევაჩერებთ, უნდა გავაგრძელოთ.
– ბოლო წლებში ქალაქში ინვესტიციების მოზიდვა
არ მომხდარა. თქვენი ოპონენტები იმაზეც მიუთითებენ, რომ
ინვესტიციების განხორცილებაზე უარი თქვეს იმ ინვესტორებმა, რომლებიც
ქალაქში 2012 წლამდე შემოვიდნენ. მაგალითად, "შიტრიტჯგუფი".
თქვენი მმართველობის პერიოდში კი იყო საუბარი თურქულ,
ირანულ და ყაზახურ ინვესტიციებზე. 2015 წლის ბოლოს თქვენ მივლინებით
იყავით ირანში ინვესტორების მოზიდვის მიზნით. რატომ ვერ მოხერხდა
თქვენი მმართველობის პერიოდში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა? რაშია
პრობლემა, რატომ არ სურთ ინვესტორებს ქუთაისში მსხვილი პროექტების
განხორციელება?
– ეს მხოლოდ ქალაქზე დამოკიდებული თემა არაა. "მოდი შენი ჭირიმეთი"
ინვესტორი არ ინტერესდება. არსებობს რეგულაციები, რომლებიც მისთვის
მოსაწონი უნდა იყოს და ასევე, არის პოლიტიკური სიტუაციაც, რომლის
მიმართაც ყველა ინვესტორი ფრთხილია, რაც ქალაქს რეგულაციები აქვს არაა
საკმარისი, რომ მსხვილ ბიზნესს ვესაუბროთ. ჩვენ ვერც გადასახადებს
ვასწესებთ და ვერც განთავისუფლებას ვაკეთებთ. რაც შეგვეძლო
შევიმუშავეთ, იგივე ტურიზმის განვითარებისთვის. მე ბევრი დრო არ
მაქვს, რომ მივლინებებში ვიარო. ალბათ, ეს უნდა შეიცვალოს და მერი
უფრო მეტად საგარეო თემებზე უნდა იყოს გადართული და არა ყოველდღე
ობიექტების სამუშაოებზე თავზე დგომით. ამას მიაქვს დროის 90%.
საერთაშორისო ფორუმებისთვის დრო ნაკლებად მრჩებოდა. თუმცა, მეორე
თემაცაა, სად ჩამოგვყავდა ინვესტორი, სადაც წყალი და კანალიზაცია
არაა? ის, რაც ქალაქმა უნდა გააკეთოს და მოუწესრიგებელია და ინვესტორს
ვეუბენით, რომ მაგრები ვართ, ამას არც ერთი ინვესტორი არ დაიჯერებს.
ფული რომ მქონდეს არ ჩავდებდი სადმე, სადაც შევხედავ, რომ ადგილობრივ
ხელისუფლებას ელემენტარული არ აქვს მოწესრიგებული მინიმალურ დონეზე.
რატომ გვგონია, რომ ინვესტორები არ შემოვიდნენ? ორი ქარხანა შენდება,
მათ შორის ერთი მეტალურგიული, რომელიც საქართველოში ათწლეულებია არ
აშენებულა. ქარხანა ერთ წელიწადში არ შენდება, ამას დრო უნდა.
ვინ გავაქციეთ, ვინც არ იყო? ვგულისხმობ ინვესტორებს, რომელმაც თანხა
ჩადო, რაღაც ამუშავა და არა იმათ, ვისაც ქონება მიყიდეს.
"შიტრიტჯგუფს" რაც ჰქონდა, იმას ჩვეულებრივად ახორციელებს. ოპერის
უკან ფართებს აქირავებს და სასტუმრო მუშაობს ჩვეულებრივად.
სად იყო ინვესტიცია? მახსოვს, უხაროდათ, რომ ქარხანა "ფრეში"
იხურებაო. ვითომ, მე დავზარალდებოდი. ბოდიში, არ დაიხურა. უფრო მეტიც,
მეორე აშენდა. ქუთაისში შენდება პირველი ბრენდირებული სასტუმრო,
რომელიც იმერეთში არაა. 2016 წლის მიღწევაა ისიც, რომ საქართველოში
ყველაზე დიდი და საუკეთესო ტურისტული ცენტრი ქუთაისში შენდება. ესაა
ხელშეწყობა და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე უნდა მქონდეს დიდი თანხა და
ჩემივე თანხა უნდა ჩავდო, ცდება.
რაც ჩამოვთვალე, ეს მცირედია ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის
მშენებლობასთან შედარებით.
– პრეზენტაციის შემდეგ იმ ტერიტორიაზე არაფერი გაკეთებულა და
ცოტა დაუჯერებელიც კია ამ პროექტის განხორციელება.
– სკეპტიკოსებს არ ჯერათ. პრეზენტაციაზე არავის უთქვამს, რომ დღეს
დაიწყება მშენებლობა. ამას ჭირდება განაშენიანების რეგულირების გეგმა,
რაზეც ამ დროისთვის მიდის მუშაობა. არასამუშაო დღეებშიც კი გვაქვს
ურთიერთობა მენეჯმენტთან. მარტო ააშენე ასე არაა, თუ კონცეფცია არ
იქნა, შენობის აშენება ყველაზე მარტივია. გერმანული და ამერიკული
მხარის ვიზიტი იყო, რომ ერთობლივი მართვა მათ აიღონ, რადგან ჩვენ მისი
მართვის შესაძლებლობა აქ გვექნება. ილუზიაა, რომ ეს ერთ წელიწადში
აშენდება. ზუსტად იგივე ილუზია ეგონათ "ბლექსი არენას" და
"ციცინათელას" აშენება. ამ ყველაფერს ერთი ადამიანი აკეთებს და რაც
უთქვამს, ჯერ არ მასხოვს, რომ არ გაეკეთებიოს. დიდი სიჩქარე
აუცილებელი არაა იმაში, რაც უნდა იყოს საუკუნის პროექტი.
გადაწყვეტილება მიღებულია, ჩემთვის ესაა ყველაზე დიდი გადაწყვეტილება
ამ ქალაქისთვის, რაც არ მომხდარა ბოლო 100 წლის განმავლობაში.
– მინდა გკითხოთ იმ სასამართლო საქმეებზე, რომლებიც მერიის
წაგებით დასრულდა. ყველაზე გახმაურებული, ბაღების გაერთიანების
წინააღმდეგ შეტანილი სარჩელებია, რომელთა უმეტესობა სასამართლომ
დააკმაყოფილა. თავის მხრივ, ყოფილი თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით
გათავისუფლებაზე საუბრობენ. იმ ფონზე, როცა სასამართლო უწყება
აკმაყოფილებს მათ და არა თქვენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ მართლაც
პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მოხდა თავის დროზე მათი სამსახურიდან
გაშვება?
– რატომ, ეს ხალხი რომელიმე პარტიას ეკუთვნოდნენ?
– ისინი "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყვნენ
დანიშნული.
– ბაღის გამგეების ნახევარი მაგ პერიოდში დანიშნულია. არც ვიცი ამ
ხალხის პარტიული კუთვნილება და არც მაინტერესებს. ეს რომ ყოფილიყო,
რატომ სხვა დარჩა და ესენი არ დარჩნენ. ტესტირება ვინც ჩააბარა, ყველა
დარჩა თანამდებობაზე. მათ შორის ისინიც, ვინც მერე გათავისუფლდნენ.
ვინმეს მათი გაშვება რომ ნდომოდა, არ იყო რთული გასაუბრებაზე ცუდი
შედეგი დაედოთ, მაგრამ არ გვიკადრებია და გასაუბრებას ფორმალური
ხასიათი მივეცით. სასამართლოს მიდგომა 2012 წლის შემდეგ შეიცვალა, რაც
შეიძლება მეტად დაიცვას დასაქმებული. ზოგჯერ, ჩემი აზრით, არასწორ
გადაწყვეტილებებსაც იღებს. ამ ადამიანების გათავისუფლების მიზეზი იყო
გაუფრთხილებელი "გაფიცვა", რადგან ეს გაფიცვა არ იყო. სამმა ადამიანმა
გადაწყვიტა, რომ პარალიზება მოეხდინათ ბაღების. წარმოიდგინეთ, ბავშვი
მიიყვანეთ ბაღში, სადაც გეუბნებიან, რომ წაიყვანეთ სადაც გინდათ. ეს
ხომ არასწორი ქმედებაა. ადამიანები, რომელბმაც ამას გაუკეთეს
ორგანიზება, როგორ უნდა იყვნენ ბაღის გამგეები?
– გაფრთხილება რომ ყოფილიყო, რა
შეიცვლებოდა?
– მშობლებს გავაფრთხილებდით. აქ არაა შოთა მურღულიაზე და "ქართულ
ოცნებაზე" საუბარი, აქაა ასეულობით ოჯახებზე საუბარი, რომლებიც
ვიღაცამ გადაწყვიტა გაემწარებინა იმ დღეს და მათ აგრესია მოემართათ
თვითმმართველობისკენ. გააკეთებდნენ კიდეც, რადგან მათთვის ყველაფერში
დამნაშავე მერიაა.
– გამოდის, რომ მართლაც პოლიტიკურ მოტივამდე
მივდივართ?
– არ ვიცი მათ რა აინტერესებდათ. რა მნიშვნელობა აქვს? ამას უკვე
საბოტაჟი ქვია, სახელწიფო სტრუქტურების ფუქციონირების მიზანმიმართულად
შეფერხება, რითაც გამოიწვიეს აგრესია. ეს გააკეთეს ამ ადამიანებმა.
სასამართლოში ამის სამართლებრივად დადასტურება ძალიან რთულია. ის, რომ
ბავშვები არ მიიღეს, ამას მშობლები ადასტურებენ. იცით რამდენი საჭმელი
გაფუჭდა იმ დღეს? იმიტომ, რომ მზარეულიც არ ელოდა. შეიძლება, რაღაც
მავნებლობა ჩაიდინა, მაგრამ მე არ მავნო, ავნო ამდენ ოჯახს. მეტი დავა
მათთან არ არსებობს.
– ზოგადად, საქალაქო სასამართლოს მონაცემებით,
2015–2016 წლებში 6 სარჩელი წააგეთ, 40 კი ამ დრომდე
დაუსრულებელია.
– 2012 წლამდე თითქმის ფაქტი არ არსებობდა თვითმმართველობას კი არა,
რომელიმე სახელმწიფო უწყებას სასამართლო დავა წაეგოს. ვერ გაბედავდა
სასამართლო ამას. ღმერთმა დამიფაროს რომელიმე მოსამართლეს დავურეკო,
შევხვდე ან რაიმე კონტაქტი ვცადო. თუ დამიჯერებთ, არ ვიცნობ
მოსამართლეებს. არ მინდა პიროვნული ურთიერთობა მქონდეს და ვინმემ
უხერხულად იგრძნოს თავი. მირჩევნია ვიყო დისტანცირებული. ყველაფერში
მართალი მერია ვერ იქნება. ეს ამხელა დაწესებულებაა, ბევრი
სამართლებრივი დავაა, რაღაცას წავაგებთ კიდეც. სხვაგვარად, აბა, როგორ
იქნება. სულ მერია როგორ იქნება მართალი. შეიძლება, 100%–ით იყო
მართალი, მაგრამ ადმინისტრაციული საქმის წარმოების რაღაც ეტაპის
დარღვევა თუ იქნება, შეიძლება შენს საწინააღმდეგოდ მიიღონ
გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს იურისტს კიდევ უფრო
ძლიერად უწევს მუშაობა. ისიც არაა გასაკვირი, რომ ჩვენს იურისტს 600
ლარი აქვს ხელფასი, ჩვენი ოპონენტის იურისტს კი 5000 ლარი. შეიძლება,
ის კვალიფიკაციით უფრო ძლიერი იყოს. 2012 წლამდე გახსოვთ მერიის
წაგებული საქმეები? არა. რატომ? იმიტომ, რომ გადაურეკავდნენ, რომ არ
უნდა წავაგოთ. ღმერთმა დამიფაროს ეს ვიკადრო. ხანხადან ვბრაზდები, არ
მინდა იმ ვიღაცის აღდგენა, მაგრამ სასამართლოს უნდა დავემორჩილოთ.
– ახლა რაც შეეხება სამომავლო საკითხს, თქვენ დააანონსეთ
იანვრიდან თვითმმართველობაში მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ.
თავის დროზე, როდესაც 2014 წელს კონკურსი და ატესტაცია ჩაატარეთ,
აცხადებდით, რომ ადამიანები, რომლებიც ამ გზით შეირჩა პროფესიონალი და
საჭირო კადრია. პრემიერის მოწოდების შემდეგ კი ისევ დადგა დღის
წესრიგში ეს საკითხი. ანუ მოგიწევთ საჭირო კადრის დათხოვა. რამდენ
ადამიანს შეეხება ეს პროცესი და თუ გაქვთ დაახლოებით გაანგარიშებული,
რეორგანიზაციის შედეგად, ბიუჯეტში რა რაოდენობის თანხა
დაიზოგება?
– რეორგანიზაცია იმიტომ არ გაკეთდება, რომ თანხა დაიზოგოს. რაღაცეები
შევცვალეთ, ახალი რეფორმები დავგეგმეთ და სისტემას ჭირდება
გადანაცვლება. მაგალითად, ადმინისტრაციასა და საფინანსო სამსახურში
იყო ორი ბუღალტერია. ვინც ეს თავის დროზე მოიგონა, სისულელე იყო.
შევაერთებთ ამ ორ განყოფილებას და იქნება ერთი ბუღალტერია. არავინ
სახლში არ წავა. ის ადამიანები ერთ ვერტიკალში იქნებიან. წლის
განმავლობაში არქიტექტურის სამსახური გადადის სხვა სისტემაზე,
შეიძლება გარე სუბიექტიც იყოს და თავისი შემოსავლები ჰქონდეს.
– ანუ კადრების გაშვება არ მოხდება?
– შეიძლება, ერთი ან ორი შტატი შემცირდეს, რადგან მისი ფუნქცია საჭირო
აღარ იყოს. სახლში ვინც იყო გასაშვები, გაშვებულია. მერიაში 800
კაციდან 300 მუშაობს. ვისაც გამოცდა ჩაბარებული აქვს, არ ვაპირებთ,
რომ გავუშვათ. რაც შეეხება აიიპ–ებს, იქაც ჩატარდება ატესტაცია და
იქაც რაიმე დიდ კლებაზე საუბარი არაა. მართლა არაა ამ სისტემაში
გაბერილი შტატები. მთელი სისიტემიდან არ მგონია ეს იყოს 40–50 კაცზე
მეტი.
– და ბოლოს გვერდს ვერ ავუვლი თქვენს მრჩევლებს, რომელიც ამ
დროისთვის 5 გყავთ. რამდენად აუცილებელია გყავდეთ 5 მრჩეველი?
გასაგებია, რომ სხვადასხვა სფეროში უწევთ მათ თქვენთვის რჩევების
მოცემა. მოსალოდნელი რეორგანიზაციის ფონზე, აპირებთ მათ საქმიანობასაც
გადახედოთ და რომელიმეს შეელიოთ, ან მხოლოდ ისეთი დაიტოვოთ, ვისაც
ძალიან არ უჭირს?
– საინტერესო ციტატა იყო. მე მეგონა, ავტორმა იხუმრა. ჩემი სისტემა
ასეთია – სამსახური და მრჩეველი. სამსახური ტექნიკურად შემსრულებელია
და მეორე, საზოგადოებრივი საბჭოები, რომლის ხელმძღვანელიც მრჩეველია.
ბევრი სამსახურის უფროსს დრო არ აქვს საინფორმაციო კამპანია აწარმოოს,
გამომდინარე იქედან, რომ სულ საქმე აქვთ. ვერც ერთ მრჩეველს შეველევი
და არც უნდა შეველიო. ყველა ეს ადამიანი ემსახურება საზოგადოების
ფენებთან სწორ კომუნიკაციას. ყველა კარგად ასრულებს თავის სააქმეს.
იუმორი კარგია, მაგრამ ვინ რას აკეთებს და რა უკეთებია, ამას უნდა
მივაქციოთ ყურადღება. აი, ამ მხრივ არიან მრჩევლები.
მასალის გამოყენების პირობები