ივლისის ბოლოს ქუთაისში ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალის მიზანი ქალაქში ლიტერატურული ამინდის შეცვლა და პროცესების
გამოცოცხლება გახლდათ.ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბრობდნენ
ორგანიზატორები.
გამოცოცხლებისა და სულის ჩაბერვის მისია პოეტებსა და მწერლებს შოთა
იათაშვილს, დავით ჩიხლაძეს, დათო ბარბაქაძეს, შალვა ბაკურაძეს, მირიან
ებანოიძეს ერგოთ.
ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებაში რაიმე შეიცვლება თუ არა ამას დრო
აჩვენებს. მანამდე კი შეგვიძლია კითხვები დავსვათ.
მაინც რა აცოცხლებს ლიტერატურას? რა კანონზომიერებები მოქმედებს წერის
პროცესში? რას იკვლევს ხელოვანი? როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს
ავტორს სამყაროში ალბათ ყველაზე მთავარ მოთამაშე დროსთან?
ამ და სხვა საკითხებზე პოეტსა და პროზაიკოსს შოთა იათაშვილს
ვესაუბრებით.
-
დროსთან დამოკიდებულებაზე მინდოდა მეკითხა. რამდენად
მნიშვნელოვანია დროსთან "დიალოგი", რა "პერსონაჟია" დრო
მხატვრულ ტექსტებში?
- დროსთან დამოკიდებულება პოეტის მთავარი რაკურსი და პოზიციაა.
დროსთან როგორი დამოკიდებულებაც აქვს ავტორს, დიდწილად ისეთი პოეზიაც
გამოსდის. არიან პოეტები, რომლებიც დროში არიან გაჩერებულები,
ბანალურად რომ ვთქვათ მარადიულზე არიან ორიენტირებულები. არიან დროზე
მიბმული პოეტებიც, რომლებიც სულ რაღაც აქტუალურ თემებზე წერენ. ალბათ,
ყველაზე რთულია შუალედური პოზიცია გქონდეს. არც ერთი გაგისხლტეს
ხელიდან და არც მეორე. ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია. თანაც
მარადიულზე ფიქრი მაინც მოდის რეალური გარემოს აღქმიდან. ჩემს
შემთხვევაში დროის მიღმაც არ მიჭირს ყოფნა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი
აზროვნების წესი ზუსტმა მეცნიერებებმა, კერძოდ კი მათემატიკამ
ჩამოაყალიბა. ის პირველადი მეცნიერებაა. სრულიად რეალობის მიღმა
მდგარი, დამოუკიდებლად არსებული, რომელიც თავის სამყაროს ქმნის, და
შემდეგ დანარჩენი სამყარო მას ებმება. ის ბაზისია, ყველაფერი მასზე
შენდება. მგონია, რომ ეს ბაზისი თუ გაქვს მოხელთებული, ყოველთვის
დააშენებ მასზე შენს სათქმელს, რომელიც იმ წუთას შეგრძრავს,
გაგახარებს, ჩაგაფიქრებს...
ჩემს შემთხვევაში იცვლებოდა დროისადმი დამოკიდებულებები. ამაში ასაკიც
და გარემოც თავის როლს ასრულებდა. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც
ჩემი თაობა ლიტერატურაში მოვიდა, სოციალურ-პოლიტიკურად კრიზისული
პერიოდი იდგა და ეს კრიზისი შეუძლებელია არ შემოსულიყო ტექსტებში.
მითუმეტეს, როდესაც ახალგაზრდა მწერალი ხარ, გამძაფრებულად აღიქვამ და
უშუალო რეაგირება გაქვს მოვლენებზე. მაშინდელი პერიოდის ლექსები
სოციალურ-პოლიტიკურად აქტუალური და დროზე მიბმული იყო. მერე, რაც დრო
გადიოდა, დამოკიდებულება იცვლებოდა. არ ვამბობ, რომ ის ყველაფერი, რაც
ჩემს ირგვლივ ხდებოდა, არ მაინტერესებდა. უბრალოდ მივხვდი, რომ ჩემს
პოეზიას მეტი გაუცხოება სჭირდებოდა. აქტუალურ თემებზე ლაპარაკი ასე,
დისტანციურად, უფრო მომწონდა. თანდათან გაჩნდა ირონია, იუმორი,
განსაკუთრებით მძაფრ თემებთან მიმართებაში. დღესაც ასეა - ეს
ყველაფერი მაინც დისტანციურად შემოდის ჩემში და როგორც პოეზიის
პროდუქტი, ასე რეალიზდება.
- ახლა რა ეტაპი დგას თქვენს შემოქმედებაში? თქვენი ლექსი
გამახსენდა "ფინალი". ეს რაიმე ეტაპის დასასრულია, გადახედვა და
შეჯამებაა? როდის ჩნდება გადახედვის სურვილები, რამდენად ხშირად დგება
ფინალები?
- გადახედვა სულ ხდება. ამ ლექსს ტრაგიკომიკური ისტორია აქვს. როგორც
"ფინალშია", მართლა ასე ხდებოდა, არაფერი გამომიგონია. მართლა აივანზე
ვიდექი და ვფიქრობდი, რაზე დავწერო: ავტობუსს შევხედე - ავტობუსზე
დაწერილი მაქვს, შემოვედი სახლში, შტეფსელს შევხედე - დაწერილი მაქვს,
ბავშვებს შევხედე - მათზეც დაწერილი მაქვს.
მიყვარს კონკრეტიკა, ნივთები, კონკრეტული რაღაცები მაძლევენ იმპულსს,
გავასულიერო ისინი, თემები მოვნახო მათში. ასე ნელ-ნელა, ბუნებრივად
დაგროვდა ლექსები ფულზე, წნევის აპარატზე, ზღვის კომბოსტოს
კონსერვზე... "ფინალი" კი უკვე ირონია იყო საკუთარი თავისადმი და ამ
ტიპის პოეზიისადმი, რომელმაც შეიძლება ამოწურა საკუთარი თავი.
ჩავარდნები ხშირად არის, ზოგჯერ გეწერინება, ზოგჯერ არა. მაგრამ ამ
ლექსის შემდეგ ჩავარდნა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მგონი თითქმის ერთი
წელი ვერაფერი დავწერე და მაშინ ვიფიქრე, რომ "ფინალით" ჩემს თავს
განაჩენი გამოვუტანე, მერე ისევ ღმერთმა მიშველა. რაკი კონკრეტიკა
ამოწურული მეჩვენა, ღმერთზე დავწერე ლექსი. ლიტერატურული "ყაბზობა"
დასრულდა.
- ლიტერატურის ღმერთი მოწყალეა. აი, ბიბლიური ღმერთთან როგორ დგას
საკითხი? თუკი "სიტყვა" "ღმერთია", სიტყვასთან ურთიერთობა ღმერთთან
ურთიერთობა გამოდის, მისი მსახურება რაღაც
თვალსაზრისით?
- ლიტერატურა ადამიანების მსახურებაა, მერე ალბათ კანონზომიერებების.
სამყაროში არსებული ფარული კავშირების დანახვა. ესეც ღმერთის
მსახურებაა რაღაც თვალსაზრისით. ამ იდუმალი კავშირების საიდუმლოებების
შემჩნევა შეგვიძლია ჩავთვალოთ ღმერთის ინტერპრეტირებად. ამის მიმართაც
მაქვს ირონია, მაგრამ ეს თბილი ირონიაა და ამ შემთხვევაში უფრო
პარადოქსულობის მომენტია ჩემთვის საინტერესო. მაგალითად, ჩემი ლექსი
"ტანსაცმლის ოდა" პარადოქსზეა აგებული: იქ ვამბობ, რომ ღმერთმა
ადამიანი შიშველი კი არა, ჩაცმული გააჩინა. შეგვიძლია ისევ
მათემატიკის მეტაფორა მოვიშველიოთ: მათემატიკა იგება აქსიომებზე.
რამდენიმე აქსიომას იღებ, ანუ რამდენიმე "ქვას" და მერე ამ რამდენიმე
ქვაზე, ამ სამ თუ შვიდ "ვეშაპზე" დგას სამყარო. თუკი ერთი "ვეშაპი"
სხვა "ვეშაპით" შეცვალე, უკვე სხვა სამყარო გამოდის. თუკი ორი
პარალელური წრფე არ იკვეთება, იღებ ევკლიდეს გეომეტრიას, თუ იკვეთება,
იღებ ლობაჩევსკის გეომეტრიას. ამ ლექსის, "ტანსაცმლის ოდის"
შემთხვევაში, პირობითად შეიძლება ითქვას, რომ შევცვალე ერთ-ერთი
აქსიომა, დავუშვი, რომ შიშველი კი არა, ჩაცმული გააჩინა ღმერთმა
ადამიანი და მერე ამაზე ავაგე ჩემი ახალი სამყარო.
მაქვს ლექსი "ოცდათორმეტი წლის ასაკში". აქ ვუშვებ, რომ ადამიანი 32
წლის ასაკში პირველად იგებს, თუ რა არის სიკვდილი. სიკვდილის
გაცნობიერება, გაგება ხომ ნელ-ნელა, ბავშვობიდან შემოდის ადამიანში,
სიკვდილზე ფიქრი ბევრ ეტაპს გადის, მაგრამ დავუშვათ, არაფერი გამიგია
სიკვდილზე და ზრდასრულ ასაკში, ვთქვათ, 32 წლისა, პირველად ვიგებ მის
შესახებ. აი, რა მოხდება მაშინ, რა დამემართება, როგორ შეიცვლება ჩემი
ემოციები და ჩემი აღქმა სამყაროსი?!
მარტო რეალურ მდგომარეობებს ხომ არ იკვლევს ხელოვანი. ის ხშირად რაღაც
დაშვებებს აკეთებს და ცდილობს წარმოიდგინოს, ამ დაშვებების
შემთხვევაში როგორი იქნება რეალობა, როგორ შეიცვლება, რა მოხდება...
ეს მომენტი თუ დაიჭირე, ლექსი უკვე იგება, ეს შეცვლილი პოსტულატები
გიბიძგებს შექმნა ახალი სამყარო.
- კანონზომიერებების და საკუთარი სამყაროების მიგნება მარტივი
საქმე არ უნდა იყოს. ამიტომაც არის ალბათ, ძლიერი სხვისი მხატვრული
სამყაროების გავლენები.
- ამის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება ავტორი. გავლენებს ხან აცნობიერებს
ადამიანი და ხან ვერა. არ მიყვარს, როდესაც ავტორს სრისავენ ამის
გამო. რაღაც ეტაპზე შეიძლება მიბაძვები ჰქონდეს, რადგან მასთან რაღაც
მხატვრული ფორმა ახლოს მოვიდა. ეს ეტაპი გასავლელია ყოველთვის. ამ
ამბავს მოწყალე თვალით ვუყურებ. პირველ ეტაპზე უნდა მიუშვა ადამიანი
თავის ნებაზე, აცადო, რაღაცები მოსინჯოს, გაიმეოროს. ამ ძიებაში
იპოვის თავისას. მაგრამ თუ ვერ იპოვა და სუროგატად დარჩა, თან დიდი
პრეტენზიები აქვს და პირველობა უნდა, მაშინ, რაც სათქმელია, კი უნდა
უთხრა.
- სიმართლე ადრე თუ გვიან უნდა ითქვას. თუმცა ბახუსის ქვეშ უფრო
მარტივია სიმართლის თქმა. შეიძლება ამიტომაც არის "ღვინოში
ჭეშმარიტება". ნამდვილად არის In Vino Veritas?
- კი, ეს ჭეშმარიტება არის. საერთოდ, ადამიანი ხომ ის არსებაა,
რომელიც მრავალფეროვნებისკენ ისწრაფვის. თავად სამყარო ისწრაფვის
მრავალფეროვნებისკენ, ბუნება, ძეხვი, ლუდი, ყველაფერი ისწრაფვის
მრავალფეროვნებისკენ - ის ათასნაირი სახისაა. ეს საბჭოეთი იყო
ერთფეროვანი. ამიტომაც იყო აუტანელი. იქ ებრძოდნენ მრავალფეროვნებას -
ხელოვნებიდან დაწყებული, ძეხვით დასრულებული. ერთი-ორი სახეობის
კარაქი იყო იქ, მხოლოდ სამნაირი სიგარეტი. როდესაც საბჭოთა კავშირზე
ვლაპარაკობთ, მარტო მიუღებელი იდეოლოგია და რეჟიმი კი არ იყო
აუტანელი, არამედ ეს ერთფეროვნება, რომელიც ადამიანს აღარიბებდა.
შეიძლება ბევრი ვერც იაზრებდა ამის მიზეზს, მაგრამ პროტესტი მაინც
უჩნდებოდა. ღვინო კი ადამიანის მდგომარეობის მრავალფეროვნებას იწვევს.
სხვა მდგომარეობიდან ხედავ და აღიქვამ სამყაროს. თუმცა გალოთებაც
ცუდია, რადგან ისიც ერთფეროვნებაა. დიდხანს არსად არ უნდა დარჩე -
უნდა შეხვიდე და გამოხვიდე, შეხვიდე და გამოხვიდე.
- დღესაც ეშინიათ მრავალფეროვნების.
- მრავალფეროვნება ალბათ ხელს უშლის ცხოვრების დაგეგმვას. დღეს ისეთი
ცხოვრება წამოვიდა, რომ ადამიანი ბავშვობის ასაკიდან ფიქრობს იმაზე,
თუ როგორი იქნება მისი მომავალი, სამყარო აჩვევს მას ამას... ის
ცხოვრებას წარმოიდგენს და გეგმავს. მრავალფეროვნება კი ამას ხელს
უშლის და ამიტომ ეშინიათ მრავალფეროვნების. რაღაც ახალი და მოულოდნელი
შემოდის და ცვლის გეგმებს.
-
ვერ პატიობენ მრავალფეროვნებას გეგმებში ასე
უცერემონიოდ ერევა. და ჩვენ რამდენად ვერევით/ვერთვებით პოეტურ
მრავალფეროვნებებში, მსოფლიო პოეტურ მარაქაში? ვუწყობთ
ნაბიჯს?
- ჩვენი პოეზია "ქაჩავს", ძლიერია. ბევრგან დავდივარ პოეტურ
ფესტივალებზე, ბევრ პოეტთან მაქვს მეგობრობა, მსოფლიო თანამედროვე
პოეზია და მისი ტენდენციები საკმაოდ კარგად ვიცი. ამიტომ ვერ ვიტყვი,
რომ სადღაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და ჩვენ მას ვერ ვეწევით. ასე
არ არის. მაღალი დონეა ჩვენთან პოეზიის. ნიჭიერების ამბავია. დიდი
ფორმატი როცა არ არის, ნიჭიერება ითვისებს ამას და ერევა. სადაც დიდი
ფორმატებია, იქ მეტი დაგეგმვაა საჭირო, ამავე დროს მეტი შემოქმედებითი
თავისუფლება, რომ სხვა რაღაცებით არ მოცდე. აქ ცოტა უფრო გვიჭირს,
დაწყებული ბოლომდე მივიყვანოთ, სადღაც "ხალტურა" არ გაგვეპაროს. თუმცა
თანამედროვე ქართულ პროზაშიც უკვე ბევრი საინტერესო ავტორია.
საყურადღებო რაღაცები ხდება, ნელ-ნელა "მოიქოქა". 80-იანების ბოლოს და
90-იანების დასაწყისში ახალი თაობა ფაქტობრივად მარტო პოეზიით მოვიდა,
პროზაიკოსები თითქმის არ მოსულან, იმ პერიოდიდან მხოლოდ აკა მორჩილაძე
და ზურაბ ქარუმიძე მახსენდება. ახლა კი ქართული პროზა გაცილებით ღრმა
და მრავალფეროვანია, თვითმყოფადი ავტორების სპექტრი საკმაოდ გაიზარდა.
დარწმუნებული ვარ, რაც დრო გავა, მით უფრო გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები