მხატვარმა ლია უკლებამ გამოფენა "გასვლა აკრძალულია" ჭიათურის
მაღაროებსა და ქუთაისის სამკერვალო საწარმოში მომუშავე ქალებსა და
ზოგადად, ქალის შრომას მიუძღვნა.
გამოფენა-აქცია გალერეა "ვარლაში" გაიმართა და ერთი დღე
გაგრძელდა.
გამოფენას ორმაგი მიზანი ჰქონდა. იგი გამოხატავდა როგორც პროტესტს,
ასევე პატივისცემას ქალის მძიმე შრომის მიმართ.
ორმაგ მნიშვნელობას იძენდა სათაურიც.გასვლა აკრძალულია ტრადიციით,
რელიგიით, დაუწერელი კანონებით ნაგები სივრციდან და გასვლა აკრძალულია
გამოფენიდან - სანამ არ გაიაზრებ ქალის მიმართ არსებული ყველა
აკრძალვის სიმძიმეს.
გამოფენის საკვანძო სიმბოლოს წარმოადგენდა "ჯვარცმული კაბა". ერთგვარი
მინიშნება ქალის გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ მსხვერპლზე. „ამ
კაბას მკერავი ქალები კერავენ ერთ-ერთ ვიდეოში. ამით იმის თქმა
გვინდა, რომ ტრადიციით დადგენილი ვალდებულებები და კანონები აიძულებს
ქალს საკუთარი ბორკილები თავადვე დაამზადოს“, - ამბობს მხატვარი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჭიათურელი მაღაროელი ქალების ნივთები,
ბრუტალურისა და ფემინურის უჩვეულო სინთეზი. ჩანთა, პომადა და
მაღაროელის ჩაფხუტი, რომელიც ყველაზე მაღლაა მოქცეული, თითქოს ფარავს
და "ყლაპავს" სხვა ნივთებს. ინსტალაცია იმ რეალობის გამოხატულებაა
რაშიც ჭიათურელი ქალების უმეტესობას უწევს ცხოვრება სხვის მიერ
დაწესებული კანონების ჩრდილქვეშ.
ცხოვრების ამ წესს ინაწილებენ ბავშვები. დარაბზში გამოფენილი იყო
ნახატი: პატარა გოგონა მშობლებს, როგორც კრავი ისე მიყავთ ნაცრისფერ
გზაზე. თითქოს მისთვის უკვე გამზადებულია ცხოვრება - არჩევანის
გარეშე.
"მაგრამ ბავშვის გამომეტყველება ჯიუტია. მას ეუბნებიან რომ გასვლა
აკრძალულია, მაგრამ ის დანებებას არ აპირებს", - ამბობს მხატვარი.
მასალის გამოყენების პირობები