"საქნახშირმა" ტყიბულში შახტების გადაიარაღება–განახლებაზე მიმდინარე
წელს 3,5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეძენილი ახალი
მანქანა–დანადგარები დაწესებულების ეზოშია მოთავსებული.
80 ერთეული ნახშირმზიდი ვაგონი, ჰაერის მიმწოდებელი კომპრესორი,
ბულდოზერი, 270 ტონა რელსი შახტის რკინიგზისთვის – ეს კომპანიის მიერ
შეძენილი ტექნიკის არასრული ჩამონათვალია.
"ახალი ტექნიკა შახტებში ბურღვა–ფეთქითი სამუშაოების დროს მეშახტეთა
რისკის ქვეშ ყოფნის საკითხს მოხსნის, ხდება შახტების მექანიზირება,
რაც უსაფრთხო შრომისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის
მნიშვნელოვანია," – აცხადებენ "საქნახშირში".
კომპანიაში აცხადებენ, რომ აღჭურვილობის ნაწილის განახლება გასულ
წელსაც მოხდა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, ასევე განახლდება გვირაბგამყვანი
კომბაინი, რომელიც ფუჭ ქანში ფეთქით და საბურღ სამუშაოებს
ახორციელებს.
ვაგონების მექანიზირებული გადამყირავებლი დანადგარი კი ქუთაისში
მზადდება.
კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე ტყიბულში
ჩინეთიდან და უკრაინიდან ტექნიკის მეორე ნაწილს ელოდებიან, რის
შემდეგაც ძველი აღჭურვილობის დემონტაჟი და ახლის განთავსება
დაიწყება.
2016 წლის 27 აგვისტოს "საქნახშირმა" ტყიბულის თეატრში გამართული
მეშახტეთა დღის აღსანიშნავი კონცერტი
დააფინანსა.
მასალის გამოყენების პირობები