კომპანია "სინოჰიდრო" სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს
სამტრედიის
სოფელ ვაზისუბანში, მოსახლეობა მდინარე ხევისწყალაზე კარიერის
მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. აქციის
მონაწილეებმა მდინარეზე მისასვლელი გზა გადაკეტეს და კომპანია
"სინოჰიდროს" ავტომობილებს გადადგილების საშუალებას არ
აძლევენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მდინარის კალაპოტიდან ინერტული
მასალების ამოღების შედეგად, მათ
საცხოვრებელ სახლებს საფრთხე ექმნება.
ადგილზე იმყოფება სამტრედიის გამგებელი ვალერიან ფოცხვერია, რომელიც
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ კარიერული სამუშაოებზე
ლიცენზიის მქონე კომპანია "სინოჰიდროს", სამუშაოების დროებით შეჩერება
შესთავაზა, მაგრამ კომპანიამ უარი განაცხადა.
"კიდევ ერთხელ ვაპირებ გეოლოგიური დასკვნა გავგზავნო გარემოს დაცვის
სამინისტროში და ამასთანავე ჩავატარო დამატებითი ექსპერტიზა. ამ დროის
მონაკვეთში კი კომპანიას შევთავაზეთ შეეჩერებია სამუშაოები, მაგრამ
მან უარი განაცხადა. თუ ექსპერტთა ახალი დასკვნა უარყოფითი იქნება და
ექსპერტები იტყვიან, რომ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის კარიერული
სამუშაოები, მაშინ მეც ისეთივე პოზიცია მექნება, როგორიც მათ",-ამბობს
სამტრედიის გამგებელი ვალერიან ფოოცხვერია.
სამუშაოების შეჩერებას ზარალის ზრდის მოტივით არ აპირებს კომპანია
"სინოჰიდრო" და ამბობს, რომ მოსახლეობის მიერ წინააღმდეგობის გაწევის
შემთხვევაში, საპატრულო პოლიციას გამოიძახეს.
"ყოველი გაჩერებული დღე ზარალია კომპანიისთვის. გარდა ამისა, არსებობს
ორი გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ არავითარი საფრთხის
შემცველი არ იქნება ეს სამუშაოები. თუ ხელს შეგვიშვლიან, ალბათ
მოგვიწევს შესაბამისი სამსახურების გამოძახება",-ამბობს კომპანია
"სინოჰიდროს" წარმომადგენელი ზურაბ მეგრელიძე.
ჩინურმა კომპანია "სინოჰიდრომ" მდინარე ხევისწყალაზე ინერტული მასალის
ამოღებით სამუშაოებზე ლიცენზია მიმდინარე წელს მიიღო. კომპანიას
უფლება აქვს, მდინარის კალაპოტიდან სამშენებლო მასალები 5 წლის
განმავლობაში ამოიღოს.
მასალის გამოყენების პირობები