ახალი ამბები
მრავალფუნქციური ცენტრი საცხოვრებელ ეზოში - მოსახლეობა მესაკუთრეს და მერიას უჩივის
FaceBook
ქუთაისის ცენტრში, ე.წ. "ბავშვთა სამყაროს" უკან, მრავალფუნქციური ცენტრი შენდება

ქუთაისის ცენტრში, ე.წ. "ბავშვთა სამყაროს" უკან, მრავალფუნქციური ცენტრი შენდება. წმინდა ნინოსა და ფალიაშვილის ქუჩების ეზოში,  ხუთსართულიანი კომპლექსის მშენებლობას,  მოსახლეობა, ადგილზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღიდან  აპროტესტებს. საკითხზე, ქუთაისის მერიასთან უშედეგოდ დასრულებული კონსულტაციების შემდეგ, მოსახლეობის პროტესტმა იურიდიული ფორმა მიიღო.

მშენებლობის შეფერხების გარეშე გასაგრძელებლად, ტერიტორიის მესაკუთრის, ლონდა ზიბზიბაძის ადვოკატს, მოსახლეობასთან სამართლებრივი დავა სასამართლოში მოუწევს.

მიმდინარე წლის 4 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წმინდა ნინოს ქუჩის ამხანაგობის საჩივარი უნდა განიხილოს. ამხანაგობა მესაკუთრეს კომპლექსის პროექტის, მერიას კი მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო უჩივის.

ფალიაშვილის #27-ში 500 კვ.მ-ზე მრავალფუნქციური კომპლექსის მფლობელი, ლონდა ზიბზიბაძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ზვიად ნიშნიანიძე იცავს.

ნიშნიანიძე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის სარჩელს პერსპექტივა არ აქვს და ადგილზე ცენტრის მშენებლობას ხელს ვერაფერი შეუშლის.

მოსახლეობა კი აცხადებს, რომ შენობა დაავიწროებს გასასვლელებს, დაფარავს მათ ფანჯრებს და წაართმევს როგორც დასასვენებელ, ასევე ბავშვების სათამაშო სივრცეს.

ამასთანავე, მოსახლეობა შიშობს, რომ ადგილზე არა კომპლექსი, არამედ სასტუმრო აშენდება, რომლის ფანჯრებიც მათი ეზოს მხარეს იქნება.

მოტივაცია და ნებართვა

"ბავშვთა სამყაროს" უკან მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიამ 2014 წელს გასცა. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელი უფროსი, ანდრო მარჯანიშვილი, რომელმაც ნებართვაზე ხელი პირადად მოაწერა, ამბობს, რომ პროექტი, როგორც არქიტექტურული, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, გამართულია.
მარჯანიშვილი აღნიშნავს, რომ იგი თავის დროზე და ამჟამადაც ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა ეთქვა უარი მშენებლობაზე. თუმცა, აქვე ამბობს, რომ იმ დროისთვის ე.წ "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორია ბიუჯეტის შევსების მიზნით გაიყიდა.

"მაშინ რეალურ ღირებულებაზე მეტად დააფასეს ეს ტერიტორია და მთავარი მოტივი ბიუჯეტის შევსება იყო. რაც შეეხება მშენებლობას, პროექტში ყველა ნორმა დაცულია",-ამბობს ანდრო მარჯანიშვილი.

ფალიაშვილის #27-ში არსებული მიწის ნაკვეთის ლონდა ზიბზიბაძეზე გასხვისებასთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს.

ერთი ვერსიით, მან ტერიტორია ადგილობრივი თვითმმართველობისგან შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, 2015 წლის 27 აგვისტოს, ფალიაშვილის # 27-ში, #27 ბ-ში, #29-სა და წმინდა ნინოს #4 -ში არსებული 459.00 კვ.მ (სარეგისტრაციო ნომრით 882015478354), ჩუქების საფუძველზე გადაეცა შპს "კრისტალს", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ლონდა ზიბზიბაძეა.

დეტალები თუ როდის და რა ფორმით მიიღო ლონდა ზიბზიბაძემ უძრავი ქონება, მისმა ადვოკატმა არ იცის. თუმცა, ზვიად ნიშნიანიძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი პრობლემები არ არსებობს.

შეცვლილი პროექტი

ფალიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კომპლექსის მესაკუთრის წარმომადგენელი, ზვიად ნიშნიანიძე, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ადგილზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ და ირწმუნება, რომ შენობაში არც ერთი ღამის გასათევი ნომერი არ იქნება.
თუმცა, მშენებლობის ბანერზე მითითებულია, რომ ადგილზე სასტუმრო-გასართობი ცენტრი შენდება.

ზვიად ნიშნიანიძის ინფორმაციით კი, შენობაში სპა-სალონი, აქსესუარებისა და ტანსაცმელების მაღაზია, ბოულინგი და სხვა სახის გასართობი, დასასვენებლი და მომსახურებითი ობიექტები უნდა განთავსდეს.

აქედან გამომდინარე, ნიშნიანიძე ამხანაგობის სარჩელს პირად ინტერესს უკავშირებს და ამბობს, რომ სარჩელის ავტორებს ლონდა ზიბზიბაძისგან თანხის მიღება სურდათ.

"თუ მიაღწევდნენ სასამართლოს ძალით მშენებლობის შეჩერებას, ეს ცხადია ჩვენ ძალიან დაგვაზარალებდა. სწორედ, ამ მომენტს გამოიყენებდნენ და თანხაზე მოლაპარაკებას შემოგვთავაზებდნენ. მათ კარგად იციან, რომ აქ არც სასტუმრო შენდება და არც ფანჯრები იქნება მათ მხარეს",-ამბობს ზვიად ნიშნიანიძე.

აპირებდა თუ არა ლონდა ზიბზიბაძე ადგილზე სასტუმროს მშენებლობას, უცნობია. თუმცა, პროექტი რომ გადაკეთდა, ამას მისი ადვოკატი ადასტურებს, რომელიც ამბობს, რომ თავდაპირველად შენობაზე ე.წ. დეკორატიული ფანჯრების განთავსება საცხოვრებელი სახლების მხარეს იყო გადაწყვეტილი. თუმცა, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს და შენობის იმ ნაწილიდან საერთოდ ამოიღეს ფანჯრები.

ლონდა ზიბზიბაძის მოსარჩელე მხარე ახლა, სწორედ, ამ სამართლებრივი ნორმის დაცვას ითხოვს.

"ჩემი პროექტის მიხედვით, რომელიც გამოთხოვილი გვაქვს, ფანჯრები სამეზობლოს მხარესაა და თუ ჩვენი საჩივრის შემდეგ შეცვალეს პროექტი, მივესალები ამ ფაქტს. რაც შეეხება ფულის გამოძალვას, ეს სრული აბსურდია. სარჩელის მოტივი მოსახლეობის ინტერესებია და არა ფული",-ამბობს ამხანაგობის ადვოკატი, კოკა გაბუნია.

ქუთაისის მერია, როგორც მოპასუხე მხარე

ქუთაისის მერია, რომელმაც მშენებლობაზე ნებართვა გასცა, მიმდინარე წლის 4 აპრილის სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეა. მერიის იურიდიულ სამსახურში ამბობენ, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კომლექსის პროექტში დარღვევები არ არის.

"ქუთაისის მერიას ჰქონდა უფლება ნებართვა გაეცა მშენებლობაზე. არავითარი დარღვევა აქ არ იყო. გარდა ამისა, ზედამხედველობის სამსახური მუდმივად აკონტროლებს პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას",-ამბობს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ირაკლი გიორგაძე.

ფალიაშვილის #27-ში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის 30 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ზვიად ნიშნიანიძე ამბობს, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი ქალაქში საუკეთესო იქნება. თუმცა, მანამდე, პროექტის სამომავლო ბედის გარკვევა მხარეებს სასამართლოში მოუწევთ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.