ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები, პარლამენტის შენობასთან
მიმდინარე აქციას არ შეუერთდნენ.
საკრებულოს ოპოზიციის მოწოდებას, პარტიული კუთვნილების მიუხედავად
აქციაზე წასულიყვნენ, უმრავლესობამ დუმილით უპასუხა.
საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ლატარია მიიჩნევს, რომ
პარლამენტის გადატანის საკითხი არ არის მათი
კომპეტენეცია და ახლა ლოდინია საჭირო.
"საკრებულომ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია ამ საკითხზე. ეს არ არის
ჩვენი კომპეტენცია და ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ,
პარლამენტი ისე გადაწყვეტს ამ საკითხს, როგორც ქუთაისისთვის იქნება
უკეთესი. დამატებით ძალიან ბევრი სიკეთე ემატება ამ ქალაქს და კეთდება
ბევრი კარგი პროექტი,"-განაცხადა ნიკა ლატარიამ.
იგივეს ფიქრობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.
"აქციაზე, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტის წინ, არის ქუთაისის
მოსახლეობის უმრავლეობა, მათ შორის ის უმრავლესობა, რომელმაც მე
ამირჩია როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. ამიტომ, მე არ მაქვს
უფლება მათი პოზიცია არ გავახმოვანო, თუმცა, ვფიქრობ, ჩემი, როგორც
საკრებულოს დეპუტატის კომპეტენციით რაიმე სახის ზემოქმედების
მოხდენა არ შემიძლია ამ გადაწყვეტიელბაზე“ , - განაცხადა
ირაკლი შენგელიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიგა შუშანიამ,
უმრავლესობას აქციისთვის შეერთებისკენ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე
მოუწოდა. შუშანიას თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია
ქუთაისის ღირსების დაცვა, ამიტომ ყველა ქუთაისელი დღეს იმ აქციაზე
უნდა იდგეს, სადაც პარლამენტის გადატანას აპროტესტებენ.
"თქვენი დუმილი ნიშნავს ამ მავნებელი გადაწყვეტილების მხარდაჭერას.
ახლა პარლამენტის წინ დგაგან ადამიანები, რომლებიც იცავენ ქუთაისის
ღირსებას . მოგიწოდებთ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად,
წავიდეთ და დავიცვათ ქალაქის ღირსება და ქუთაისის საპარლამენტო
სტატუსი",- მიმართა გიგა შუშანიამ დეპუტატებს.
პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების გაადწყვეტილებას ქუთაისიდან
პარლამენტის გადატანის შესახებ აპროტესტებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ
საპარლამენტო სტატუსის დაკარგვა ქალაქს განვითარების პერსპექტივას
დაუკარგავს.
პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით, შენობის წინ
მშრალი შემშილობა დაიწყო სამბოში ხუთგზის მსოფლიო
ჩემპიონმა და ქუთაისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ბესო
მიქელთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები