სამართალი
„კადრში ფულის გადაცემა არ ჩანს “ - ქუთაისის მერიის თანამშრომლისთვის ქრთამის გადაცემის საქმე
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის გადაცემის ფაქტზე დაკავებული ზაურ ბაკურაძის ადვოკატი, საქმის მასალებზე პირველად საუბრობს.
ბაკურაძის დაცვის მხარე მისი დაკავების მომენტიდან მედიასთან არ კონტაქტობდა. როგორც ირმა აბჟანდაძე ამბობს, ეს გადაწყვეტილება თავად დაკავებულმა მიიღო, რადგან მას არ სურდა მტკიცებულებების გამოკვლევამდე საქმის დეტალებზე ესაუბრა.

ირმა აბჟანდაძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებამ უკვე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი და ახლა დაცვის მხარე საკამათო სიტყვისთვის ემზადება.

ბრალდებულის ადვოკატი საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე საუბრობს. მისი თქმით, სამსახურის უფროსს, ზვიად ჯავახიას, რომელმაც გელათის ქუჩაზე ბაკურაძის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონო მშენებლობის ფაქტი დააფიქსირა, აღნიშნულ კანონდარღვევაზე არც გაფრთხილების და არც დაჯარიმების ოქმი არ შეუდგენია. მან დაიბარა ბაკურაძე სამსახურში და ჰკითხა ჰქონდა თუ არა მშენებლობის პროექტი, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, რომ არ ჰქონდა, მაგრამ თუ საჭირო იყო, ამას გააკეთებდა. ირმა აბჟანდაძე უარყოფს, რომ ბაკურაძემ ჯავახიასთან პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ ფულის გადახდა შესთავაზა.

ამის შემდეგ, ზვიად ჯავახია ინფორმაციას ატყობინებს ანტიკორუფციულ სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან შეთანხმებით ახორციელებს ბრალდებულის ფარულ აუდიო-ვიდეო ჩაწერას.

ორი კვირის შემდეგ კი, ბალახვნის ას საფეხურიან კიბეებთან მათი მორიგი შეხვედრისას ბაკურაძეს ქრთამის გადაცემის ფაქტზე აკავებენ.

ირმა აბჟანდაძე ამბობს, რომ კადრებში, რომელსაც ზვიად ჯავახია ფარულად იღებდა, არ ჩანს მთვარი -ფულის გადაცემის მომენტი, თუმცა, არ უარყოფს, რომ ისმის ბრალდებულ ბაკურაძის ხმა.

"კადრში არ ჩანს ფულის გადაცემის მომენტი. ზვიად ჯავახიამ, რომელიც იურისტია, ზუსტად იცის, რომ სწორედ ეს მომენტი უნდა დაეფიქსირებია, უნდა გადაეთვალა ფული. იქ ისმის ზაურ ბაკურაძის ხმა, მაგრამ ის არ ამბობს მე გაძლევ ამდენ თანხასო. გარდა ამისა, ყველაზე საინტერესო აქ არის ის, რომ, როდესაც ბაკურაძეს ადგილზე აკავებენ, ზვიად ჯავახია დაკავების პროცესის დაწყებამდე ტოვებს ტერიტორიას და არ ხდება მისთვის გადაცემული თანხის ადგილზე დაფიქსირება. იგი ერთი საათის შემდეგ მიდის სუსში და მიაქვს თანხა, თუმცა, ჩვენ არ ვიცით ეს რა თანხაა", - ამბობს ირმა აბჟანდაძე.

ადვოკატი მიუთითებს, რომ შესაძლოა, ეს არ იყო ზაურ ბაკურაძის კუთვნილი თანხა. მისივე თქმით, ფულზე ამ დრომდე არ არის ექსპერტიზა ჩატარებული და თითის ანაბეჭდები აღებული.

ბრალდებულის ადვოკატი საქმეში მოტივზე ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა, ამბობს, რომ შესაძლოა ეს კავშირში იყოს ზაურ ბაკურაძის კიდევ ერთ სასამართლო დავასთან, რომელიც მან 2 წლის წინ თავის 3 ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ დაიწყო.

როგორც ირკვევა, 2016 წელს ზაურ ბაკურაძემ ბიზნესპარტნიორებს სასამართლოში უჩივლა. ორი წლის განმავლობაში საქმეზე პროცესი არ ჩანიშნულა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბაკურაძე ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს. ირმა აბჟანდაძე ამ დამთხვევას საეჭვოდ მიიჩნევს და ასევე, მიუთითებს იმაზე, ბაკურაძის ერთ-ერთ ყოფილ ბიზნესპარტნიორთან ზვიად ჯავახიას ადრე სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, მეტ დეტალზე ადვოკატი არ საუბრობს.

თავად ბაკურაძეს სასამართლოსთვის ჩვენება ჯერჯერობით არ მიუცია. სასამართლომ ბრალდებულს 65 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

ზაურ ბაკურაძე, ანტიკორუფციულმა სამსახურმა, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მიმიდნარე წლის 30 იანვარს დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ზვიად ჯავახიას  დაუკავშირდა, რომელსაც ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბაკურაძე სახლის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავდა, რასაც დაცვის მხარე უარყოფს. ირმა აბჟანდაძე ამბობს, რომ ბაკურაძე  სახლში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა. თუმცა, მისი დაკავების დღეს, ბაკურაძის მეზობლებმა ქუთაისიპოსტს უთხრეს, რომ ბაკურაძემ ძველი სახლი იყიდა და მას სასტუმროდ აკეთებდა.

ზურ ბაკურაძის საქმეზე მომდევნო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 ივლისსა ჩანიშნული. მას ბრალი 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წაყენებული, რაც თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ბაკურაძე გლდანის ციხეში იმყოფება.

ამავე თემაზე:

მოქალაქე, რომელიც ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დააკავეს, ქუთაისში სასტუმროს აშენებდა (ვიდეო)

ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.