"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციამ, მერიის ააიპ
დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი წლიური ხარჯი
შეისწავლა.
პარტიის წევრებმა და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა ჩატარებული
კვლევის შედეგები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარმოადგინეს.
კვლევის მიხედვით, 15 ააიპის თანამშრომელთა ხელფასებზე ქალაქის
ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 18 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
ამასთანავე, წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, ააიპებსა და მათ
ფილიალებში ხდება თანამშრომელთა ფუნქციების დუბლირება. ზოგ
შემთხვევაში კი, დაწესებულების ხელმძღვანელის ანაზღაურება, მერიის
სამსახურების უფროსების ხელფასს მხოლოდ 100 ლარით ჩამორჩება.
საკრებულოს დეპუტატის, მერაბ მეშველიანის თქმით, ააიპების
უმრავლესობაში პარტიული აქტივისტები და მერიის მაღალჩინოსანთა
ახლობლები არიან დასაქმებული.
"ააიპები არის პარტიული აქტივისტებისა და ახლობლების დასაქმების
ადგილი. კვლევამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ფუნქცების
დუბლირება, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა კი
შტატით აყვანილთა რაოდენობას აჭარბებს. არის რამდენიმე ისეთი
განყოფილება, სადაც მხოლოდ ორი თანამშრომელი მუშაობს. ყოვლად
გაუმართლებელია ეს ხარჯები", - განაცხადა მერაბ მეშველიანმა.
ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი
ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ორგანიზაცია კულტურულ დაწესებულებათა ააიპია,
სადაც 386 თანამშრომელი მუშაობს, მათ სახელფასო ანაზღაურებას კი
ყოველწიურად 3 550 900 ლარი ხმარდება.
2 100 ლარს იღებს მერიის "ააიპ სპეციალური სერვისების" უფროსი, სადაც
513 თანამშრომელია დასაქმებული, ხოლო, წლიურად მათი
თანამდებობრივი სარგოსთვის 3 მილიონ ლარზე მეტია
გათვალისწინებული.
2 000 ლარი აქვს ხელფასი მერიის ახლადშექმნილ ააიპ "ქუთ განათების"
უფროსს, მისი თანამშრომლების ხელფასისთვის კი წლის განმავლობაში 3 460
000 ლარი იხარჯება.
არის ხშირი შემთხვევები, როცა ააიპებს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სპეციალისტები დაწესებულებაშიც და მის ფილიალებშიც ჰყავს.
"ევროპული საქართველო" ქუთაისის მერიას მოუწოდებს შეამციროს ააიპ
დაწესებულებების ხარჯები და დაზოგილი თანხით სოციალური სფეროები
დააფინანსოს.
ქუთაისის მერიაში ოპოზიციური პარტიის კვლევას უსაფუძვლოს
უწოდებენ და
ამბობენ, რომ ის რეალურ ფაქტებს მოკლებულია.
მასალის გამოყენების პირობები