ქუთაისის მერიამ, "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლების მიერ
ადმინისტრაციული შენობის წინ გაკრული ფლაერები წარწერით - "რუსეთი
მტერია"- ჩამოხსნა.
თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ამ ფორმით პოზიციის გამოხატვა
მიუღებელია და პირი, რომელმაც ფლაერები განათავსა, დაჯარიმდება.
"ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმ აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს არის
ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია, მაგრამ იმ ფორმით, როგორც
მათ ეს გამოხატეს, მიუღებელია. მითუმეტეს, ეს შენობა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლია. ახლა მიმდინარეობს დადგენა იმ ადამიანის, ვინც
უშუალოდ გააკრა ფლაერები და კანონის შესაბამისად დაჯარიმდება", -
ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად
ჯავახია.
ადმინისტრაციული შენობის კიბეებზე წარწერები არასამთავრობო
ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა ოკუპაციის
დღესთან დაკავშირებით
განათავსეს.
აქცია-პერფორმანსის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა თეთრი ხიდიდან
მერიის შენობამდე იგივე შინაარსის შემცველი ფლაერები სხვადასხვა
ადგილზე გააკრეს. მოსახლეობას კი, 1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა
ოკუპაციის შედეგად, საქართველოს მიერ დაკარგული ტერიტორებისა და
საბჭოთა რეჟიმს შეწირული ადამიანების შესახებ, საინფორმაციო ბუკლეტები
დაურიგეს.
2018 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს
ოკუპირებიდან 97 წელი შესრულდა.
1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რეჟიმის გამოცხადებით, საქართველომ
70 წლით დაკარგა თავისუფლება.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ყველა ადმინისტრაციულ
შენობაზე დროშა ეშვება.
მთავარი სახელმწიფო სიმბოლო დაუშვეს
ქუთაისის მერიის შენობაზეც.
მასალის გამოყენების პირობები