შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის პრევენციის მიზნით, ყველა
რეგიონში, საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო.
ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ
განაცხადა. მისი თქმით, საპოლიციო კონტროლის შედეგად უკვე დაკავებულია
რამდენიმე პირი.
”მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათიდან სასამართლოს
განჩინების საფუძველზე, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული დანაყოფის თანამშრომლებმა,
დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. დაკავებულია 10 პირი,
აქედან 6 წარსულში ნასამართლევია. დაკავებულების საცხოვრებელი
სახლების ჩხრეკისას ამოღებულია შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და
საბრძოლო მასალა: 1 ავტომატი, 6 პისტოლეტი, 7 სანადირო თოფი, 3
შაშხანა, ორი გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 საიგის ტიპის ცეცხლსასროლი
იარაღი, 2 ხელყუმბარა, 4 კოჭა ტროტილი, 1 ცეცხლგამტარი ზონარი და 1095
სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. ამოღებულია ნარკოტიკული
საშუალებები: 7 შეკვრა ჰეროინი, 20 გრამამდე სითხე და სხვადასხვა
სახის ნარკოტიკული საშუალებები”, - განაცხადა ჭელიძემ.
მისი თქმით, საპოლიციო კონტროლი რიგ შემთხვევაში გულისხმობს
ზედაპირული შემოწმების განხორციელებას. ”გარდა ამისა, პოლიციის
შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე შს სამინისტრომ
პრევენციის მიზნით დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორციელება ყველა
რეგიონში, მათ შორის თბილისში. კონტროლი რიგ შემთხვევაში გულისხმობს
ზედაპირული შემოწმების განხორციელებას. ნარკოტიკების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 6 პირი, ასევე,
დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული
საშუალებები, ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები: 12
ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი, 1124 ვაზნა. გამოვლინდა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, მათ შორის ცივი იარაღის
ტარების ფაქტი. საპოლიციო კონტროლი ემსახურება საზოგადოების
უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას”, -
აცხადებენ სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები