საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის დღე საზემოდ ქუთაისში აღნიშნა. ღონისძიებას ქვეყნის პირველი პირები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პოლიციელებს პროფესიული დღე პირველმა პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე ხორციელდება. ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა დაიკავა. პოლიციის დღის მილოცვის შემდეგ გომელაურმა პროფესიული საქმის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებსაც მიუსამძიმრა.
"სამწუხაროა, რომ დღევანდელ დღეს ვერ ესწრებიან კრიმინალთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული პოლიციელები. მათი ხსოვნა მარადიულია", - განაცხადა გომელაურმა.
ბოლოს ტრიბუნა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ერგო. მარგველაშვილმა საზოგადოებას პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებით გამოირჩეოდა.
"მჯერა, რომ პოლიციელები კიდევ უფრო პროფესიონალურად, ფსიქოლოგიის და სხვა ბევრი დეტალის კარგი ცოდნით, შეძლებენ და ამ უმძიმეს დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაჯილოდების ცერემონიალი გაიმართა. ვახტან გომელაურმა დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისთვის შსს-ს პირველის ხარისხის მედალი "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" სამსახურეობრივი მოვალოების შესრულების დროს დაღუპულ ორ პოლიციელს - ბექა მარგიშვილს და გიორგი ბერუაშვილს მიანიჭა. მედლით "მამაცობისთვის" სამსახურეობლივი მოვალეობის დროს დაჭრილი პოლიცილები - ვალერიან გრძელიშვილი და გიორგი მახარაშვილი დაჯილდოვდნენ. ასევე, მინისტრმა მედლით "მამცობისთვის" ის თანამშრომლები დააჯილდოვა , რომლებმაც ქობულეთში გაჩენილი ხანძრის დროს მოქალაქეთა ევაკუაციაში მიიღეს მონაწილეობა. გაიცა ასევე, სხვა ჯილდოებიც.
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო "ღირსების მედალი" შსს-ს აკადემიის პრორექტორ სოფიო კილაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, პოლიციის უფროს ლეიტენატ თეონა ჭიჭინაძეს გადასცა.
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
პოლიცის სამი ოფიცერი ცუდად გახდა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები