"ავანგარდი" - რძის პროდუქტების ქუთაისური ბრენდი
FaceBook
ქუთაისიპოსტი აგრძელებს რუბრიკას - "დამზადებულია ქუთაისში". რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი ქალაქის თანამედროვე საწარმოებს.

ათწლეულების მანძილზე ქუთაისი ინდუსტრიულ ქალაქად ითვლებოდა. საბჭოთა პერიოდში ქალაქში საკავშირო მნიშვნელობის 20-მდე მსხვილი ქარხანა და ფაბრიკა მოქმედებდა. მათი დიდი ნაწილი დღეს აღარ არსებობს, თუმცა გაჩნდნენ ახალი საწარმოები.

ზოგიერთი მათგანი ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ბრენდია, თუმცა საზოგადოებამ შესაძლოა არ იცოდეს, რომ მათი პროდუქცია ქუთაისში მზადდება.

მორიგი საწარმო, რომელსაც ქუთაისიპოსტი რუბრიკა "დამზადებულია ქუთაისში" ფარგლებში გაგაცნობთ ავანგარდის რძის პროდუქტების საწარმო შპს "ათინათია".

***

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქუთაისში არაერთი მცირე საწარმო ჩამოყალიბდა. მათ შორის ერთ-ერთია შპს "ათინათი", რომელიც 1999 წელს ავანგარდის დასახლებაში მდებარეობდა, რის გამოც, კომპანია ბაზარზე ავანგარდის რძის პროდუქტების სახელწოდებით დამკვიდრდა.

დასაწყისში საწარმოს ძალიან მცირე ფართი ეჭირა და მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი ჰყავდა. თუმცა, 2009 წელს, ამავე დასახლებაში, მიწა შეიძინეს და დიდი შენობაც ააშენეს. ამაში მათ "მილენიუმის განვითარების პროგრამა" დაეხმარათ.

მიწასთან ერთად, კომპანიის ხელმძღვანელებმა ტექნოლოგიური დანადგარებიც შეიძინეს. ძალიან მოკლე დროში საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდა, თანამშრომელთა რიცხვი და პროდუქტის რეალიზაცია კი გაიზარდა.

ამჟამად შპს "ათინათში" 24 ადამიანია დასაქმებული. ავანგარდის რძის პროდუქტები დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იყიდება. ქუთაისში კი, კომპანიის ორი საფირმო მაღაზია ფუნქციონირებს.

საწარმო სხვადასხვა დაფასოებისა და ცხიმიანობის სამი დასახელების პროდუქტს: არაჟანს, ხაჭოსა და მაწონს აწარმოებს. პროდუქტის ძირითადი ნედლეული ნატურალური რძეა, რომელსაც კომპანია იმერეთის რეგიონში მოქმედი 4 მეცხოველეობის ფერმისგან იბარებს.



შპს "ათინათის" ხელმძღვანელი, ანდრო ღვინეფაძე განმარტავს, რომ მათთან დამზადებული მაწონი სრულიად ნატურალურია, მხოლოდ არაჟნისა და ხაჭოს მომზადება ზამთრის სეზონზე რძის ფხვინილის დახმარებით ხდება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ზამთარში ფერმებისგან რძის მიწოდება მცირდება.

ტექნოლოგია, რომლითაც საწარმოში რძის პროდუქტებს ამზადებენ, ანდრო ღვინეფაძის შემუშავებულია. კვების პროდუქტების ტექნოლოგმა ის მოსკოვში, სადისერტაციო შრომაზე მუშაობის დროს თავად შეიმუშავა.

"მივიღეთ განსხვავებული პროდუქტი. უფრო იაფად და მაღალი ხარისხით. ამიტომ, ამ იდეაზე დაყრდნობით, შევქმენით სწარმო. პროდუქტის თვისებები და სტრუქტურა არის უკეთესი, კლასიკური ტექნოლოგიისგან განსხვავებული," - ამბობს ანდრო ღვინეფაძე.



შპს "ათინათში" წარმოებული რძის პროდუქტები დაბალი ფასებითაც გამოირჩევა. 450 გრამიანი მაწვნის ღირებულება 1.20 ლარს შეადგენს.

"ფასები არ გაგვიზრდია და არც ვაპირებთ. ნატურალური რძე გლეხს არ გაუძვირებია. ეს კი ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ძირითად ფასს განსაზღვრავს, ამიტომ ფასებს ვინარჩუნებთ," - ამბობს ანდრო ღვინეფაძე.

ავანგარდის რძის საწარმოს ხელმძღვანელი სხვა სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი სურვილი რამდენიმე ახალი სახეობის პროდუქციის წარმოებაა. კერძოდ, საწარმოში სულ მალე მდნარი ყველის წარმოებას დაიწყებენ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ხორცპროდუქტების წარმოება და საკუთარი ფერმის მოწყობაა. თუმცა, საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერის იმედი აქვთ.

იხილეთ რუბრიკის ფარგლებში მომზადებული სხვა სტატიები:

CRP WOOD - ხის ინოვაციური ქარხანა ქუთაისში

ქუთაისში შეკერილი ტანსაცმელი, რომლითაც ევროპასა და აზიაში იმოსებიან

.
რკინის დიზაინი - ქუთაისური საწარმოს 8 წლიანი ისტორია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური
განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
15:00 / 09.10.2024
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.