რეგიონი
ნაწილობრივ ანაზღაურებული ზარალი და საშიშ ზონაში დარჩენილი მოსახლეობა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთის მოსახლეობა, რომელსაც ერთი თვის წინ ძლიერმა წვიმამ მოსავალი გაუნადგურა, ზარალის ანაზღაურებას თავიანთი ძალებით ცდილობს.   ადგილობრივების თქმით,  მუნიციპლიტეტმა სტიქიისგან მიყენებული ზარალის მხოლოდ ნაწილი აუნაზღაურა. რაც მათი თქმით, არასაკმარისია.  წყალტუბოს გამგეობაში განმარტავენ, რომ დაზარალებული 14 ოჯახიდან, მხოლოდ 9 ოჯახზე 13 835 ლარის კომპენსაცია საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისთვის გასცეს. რაც შეეხება, სტიქიისგან მიყენებული მოსავლის ზარალს, გამგეობაში ამბობენ, რომ ამ ტიპის  კომპენსაციის გაცემა მათ კომპეტენციაში არ შედის, რადგან მოსახლეობამ დაზღვევით უნდა ისარგებლოს.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის დაზღვევა მსურველ პირს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში შეუძლია. მიმდინარე წელს შესაძლებელია 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის დაზღვევა. თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50% -ს. ამასთან, შესაძლებელია ბენეფიციარმა დააზღვიოს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" განგვიმარტეს, რომ უხეში გათვლებით, ეს თანხა ერთი წლის განმავლობაში 100 ლარს არ აღემატება.

ჟონეთის მოსახლეობა კი ამბობს, რომ ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ, რადგან მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, ხოლო მოსავალი იმდენაც მცირეა, რომ ერთი თვის სამყოფიც არაა.

სოფელ ჟონეთშის მოსახლეობას ზიანი, ბოლო ორი თვის განმავლობაში ორჯერ,  20 მაისს და 16 ივნისს, ძლიერმა წვიმამ  მიაყენა. ტარიელ ბობოხიძე ერთ-ერთია იმ 14 ოჯახიდან, ვინც ადიდებულმა მდინარე რიონმა ყველაზე მეტად დააზარალა. ორჯერ მომხდარი სტიქიის შემდეგ, მისი ეზო მდინარის შლამით ამ დრომდეა დაფარული, სახლამდე მისასვლელად კი, სპეციალურად მოწყობილი ხის ფიცრების ბილიკით გადაადგილდება.



ტარიელ ბობოხიძის სახლის უკან არსებული სათავსოები, მარანი და აბაზანა ამ დრომდე შლამითაა სავსე. 68 წლის მარტოხელა მოხუცი ამბობს, რომ პირველად საქონლის სადგომი მოაწესრიგა, დანარჩენი ოთახების გაწმენდას კი, დიდ დროს მოანდომებს.

"ჯერ ბოსელი გავწმინდე. ცოდვაა საქონელი, ისიც ხომ სულიერია. დანარჩენს ნელ-ნელა მივყვები. ერთ თვეში ორჯერ მომხდარიყოს წყალდიდობა, ასეთი ჯერ არ მახსოვს. ჩვენთვის უკვე ზედმეტია რიონი," - ამბობს ტარიელ ბობოხიძე.





ანალოგიურად დაზარალდა სოფელ ჟონეთში მცხოვრები ნანული კინწურაშვილის ოჯახიც. ის ამბობს, რომ მდინარის წყალმა საცხოვრებელი ოთახები, მარანი და სამზარეულო მთლიანად დაფარა. ამის გარდა კი სრულიად გაუნადგურდა მოსავალი.

"რაც არის მიწა დარჩენილი, ერთი იმდენი მდინარემ წაიღო. ორჯერ დათესილი და მოყვანილი ბოსტანი მთლიანად გამინადგურა. შეფასებით კი, მხოლოდ ოთახის კედლები შემიფასეს. ორი დღე მოვუნდი სილების გამოტანას, მომძულდა თავი, დავიღალე," - ამბობს ნანული კინწურაშვილი ჩვენთან საუბარში.







წყალტუბოს გამგებლის თანაშემწე ჩვენთან საუბარში განარტავს, რომ ფინანსური ანაზღაურება მხოლოდ იმ ოჯახებზე გაიცა, ვისაც სტიქიამ სახლები დაუზიანა. რაც შეეხება ნათესებს, გამგეობაში განმარტავენ, რომ მოსახლეობამ ამ შემთხვევაში დაზღვევით უნდა ისარგებლოს.

"ჯერ ერთი არ მომხდარა და რომც მომხდარიყო, ჩვენ ნათესებზე კომპენსაციას არ გავცემთ. ინფორმირებულია მოსახლეობა, რომ გააკეთოს დაზღვევა და სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს ხარჯებს. 4 მდინარე გვაქვს მუნიციპალიტეტში, ყველა მდინარის პირასაა ნათესები და ყველა იტბორება, მარგამ ყველას ხომ ვერ ავანაზღაურებთ. ბიუჯეტიც არ ითვალისწინებს და ვერც გაწვდება," - აღნიშნავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე, ალექსანდრე დადუნაშვილი.

სოფელ ჟონეთში ადგილობრივებს მდინარე რიონის მოდიდების შედეგად ანალოგიური პრობლემა წლების განმავლობაში აქვთ. თუმცა, მათი განმარტებით, 2008 წლამდე წყალი სახლებში არ შემოდიოდა. ამ დროიდან კი მდინარე თითქმის ყოველ გაზაფხულსა და ზაფხულში მათ სახლებშიც აღწევს.



ჟონეთის მოსახლეობა ამბობს, რომ კომპენსაციის დაპირება ჯერ კიდევ ყოფილი ხელისულფლებისგან მიიღეს. მათი თქმით, მთავრობა, სანაცვლოდ არსებული სახლების დანგრევის პირობით, თითოეულ ოჯახს 10 000 დოლარის გადახდას პირდებოდა. რამდენიმე ოჯახი იმ დროისთვის ამ შემოთავაზებას დათანხმდა და სოფელი დატოვა. ახლანდელ ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ შემოთავაზება ისევ ძალაშია, თუმცა, მოსახლეობა საკუთარი სახლების დატოვებაზე უარს აცხადებს.

ადგილობრივები თანხის მიღების წინააღდეგი არ არიან, თუმცა მათთვის ის პირობა, რომ სახლები უნდა დაანგრიონ, მიუღებელია.

"ვინც ადრე წავიდა, ქუთაისის ერთ-ერთ გარეუბანში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა, ახლა ამ თანხით იმ ერთოთახიანსაც ვერ იყიდი, ახალი სახლის აშენებას ეს ფული სად ეყოფა. გადაგვიხადონ თანხა და სახლებს ნუ დაგვანგრევინებენ. ჩვენ კი პირობას ვდებთ, რომ თანხას მეტად არ მოვითხოვთ," - ამბობს სოფელ ჟონეთში მცხოვრები, ელისო სიმსივე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ამ პრობლემას დროულად არ ეშველება, შესაძლოა მდინარემ მათი სახლების გარდა სამანქანო გზასაც წაიღოს. ისინი ერთადერთ გამოსავალს მდინარის ნაპირის გამაგრებაში ხედავენ.





წყალტუბოს გამგებლის თანაშემწის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები ინფრასტრუქტურისა და რეგონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით 2013 წელს, ჟონეთის მოპირდაპირე სოფელ ზარათიდან დაიწყო. ალექსანდრე დადუნაშვილი ამბობს, რომ სამუშაოები ჟონეთშიც გადმოინაცვლებს, რაც მოსახლეობას სტიქიისგან დაიცავს.

მოსახლეობის გარდა, წელს სტიქიამ სოფელ ჟონეთის არასრული სკოლის ეზოც დატბორა, ღობე კი მოანგრია.





წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა ჩხეტიანი ჩვენთან საუბარში ირწმუნება, რომ უახლოეს ხანში სკოლის ეზო გაიწმინდება, ღობე კი შეკეთდება. თუმცა, მისივე ინფორმაციით, შესაძლოა სასწავლო დაწესებულების შენობას ადგილმდებარეობა შეუცვალონ.

"განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, სტიქიიდან მეორე დღესვე იყვნენ ადგილზე ჩამოსული. გადაწყდა, რომ სკოლა ძველ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც მოსწავლეებისთვის გაცილებით უსაფრთხო გარემო იქნება,"- განმარტავს მამუკა ჩხეტიანი.

სოფელ ჟონეთის არასრულ სკოლას ამჟამად 8 მოსწავლე ჰყავს. წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ისინი ახალ სასწავლო წელს ისევ ძველ შენობაში შეხვდებიან, ძველი შენობა კი სამომავლოდ გარემონტდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.