ახალი ამბები
„გაბრაზებული“ თაობა თავისუფლების დასაცავად
FaceBook
„როცა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა გეუბნება, რომ შენ, ამ კანონით (რუსული კანონი), რომელიც არის არადემოკრატიული, ვერ გახდები ჩვენი ოჯახის წევრი და შენ ჯიუტად იძახი, მე მაინც გავხდები, ან შენ გვატყუებ, ან ისინი. მე მგონი, ძალიან ცალსახაა, აქ ვინ იტყუება“, - ამბობს სტუდენტი ოთო ირემაძე, რომელიც 2 თვის მანძილზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტ პროტესტში იყო ჩართული.

ოთო ქუთაისის საერთშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუნდეტია. იხსენებს იმ დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული უნივერისტეტის კამპუსიდან, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ქუთაისის ცენტრალური მოედნისკენ, რამდენიმე საათის განმავლობაში ფეხით მოემართებოდნენ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის.

„ვერავინ იფიქრებდა, რომ წინა საღამოს, სულ რამდენიმე საათში დაორგანიზებული აქცია მასშტაბურ სახეს შეიძენდა და ასობით სტუდენტს ერთი იდეის გარშემო გააერთიანებდა. გამოჩნდა, რომ ხალხის ხმას არ ისმენდნენ და აკეთებდნენ ისეთ რაღაცებს, რაც არ ემსახურებოდა საზოგადოების დაკვეთას,“ - გვიყვება ოთო ირემაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ კანონის მეორედ დაინიცირებით თვითილუსტრაცია მოახდინა და დაგვანახა, რეალურად რას ემსახურებოდა იგი.

„მოქალაქეების უმეტესმა ნაწილმა აშკარად გაიაზრა, რა საფრთხე ედგა ქვეყანას. რომ ჩვენ ამ კურსით, რა კურსითაც დღეს მივდივართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლანძღვით, დეზინფორმაციის გავრცელებით, ვერ გავხდებოდით ამ ოჯახის წევრი და დავემშვიდობებოდით ყველა იმ კეთილდღეობას, რომელიც ამ კავშირის წევრობას მოაქვს, რაც არის ჩვენი თვითმიზანი",- გვიყვება ოთო.

თვითმიზანის დაცვა საერთო აღმოჩნდა ქუთაისში ასობით სტუდენტისთვის. ხელისუფლების მიერ რუსული კანონის დაკანონების მცდელობამ, ბრაზმა და თავისუფლების სურვილმა, ქუთაისის ქუჩებში 300-ზე მეტი სტუდენტი გამოიყვანა. ოთოს თქმით, აქციებზე ერთმანეთის გვერდით დგომამ მას რწმენა მოუტანა, ახლა კი, კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

„ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მომავალი. ის, რაც წინა თაობებმა გააკეთეს (საკუთარი ვალი უკვე მოიხადეს ქვეყნის წინაშე), ჩვენ ეს ვალი ჯერ კიდევ მოსახდელი გვაქვს,“ - ამბობს ოთო ირემაძე.

მისი თქმით, აქციები დასრულდა, თუმცა ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გრძელდება. სტუდენტი აბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანი ის არჩევნებია, რომელიც საქართველოში, სულ რამდენიმე თვეში გაიმართება და სადაც თითოეული მოქალაქის ხმა იქნება გადამწყვეტი.




„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს მეორედ დააინიცირა. 14 მაისს კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე, საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო.

კანონის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად "ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ მას აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.