ახალი ამბები
შეცვლილი პროექტი და სადავო გეოლოგიური დასკვნა - მერიას სასამართლოში უჩივიან
FaceBook
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე 3 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდეს.
სამშენებლო ტერიტორიის მეზობლად მცხოვრებმა იულია ლანჩავამ, რომელიც ამბობს, რომ მშენებლობა ყალბი გეოლოგიური დასკვნით მიმდინარეობს, ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლა.

მოსარჩელე ამბობს, რომ სასტუმრო, რომელიც მის სახლთან ახლოს შენდება, ართმევს ჟანგბადს, კეტავს სივრცეს და ბუნებრივად ნესტიან კლიმატს კიდევ უფრო აუარესებს. იულია ლანჩავასთვის განსაკუთრებით მიუღებელია ღია ტერასა, რომელიც პროექტის მიხედვით მისი საცხოვრებელი სახლის მხარეს კეთდება.

ლანჩავამ ადგილზე უკვე მოიწვია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და ახლა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

წერეთლის N 58-ში კი უკვე ამოყვანილია შენობის ორი სართული. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იულია ლანჩავა ამბობს, რომ მეპატრონე ცდილობს სასამართლო პროცესამდე შენობის გადახურვა მოასწროს.

"ჩემი სახლი ზარალდება. შენდება ძალიან ახლოს. მესამე სართულზე უწერიათ, რომ უნდა გაკეთდეს ტერასა. ასე ახლოს საცხოვრებელ სახლთან ტერასა ყველასთვის მიუღებელია. როცა ვუთხარი ღობი არ უნდა იყოს აქეთ მხარეს, მითხრეს, ეს თქვენი საქმე არ არისო. ამის შემდეგ მოვითხოვე პროექტი, რომელშიც არ აღმოჩნდა გეოლოგიური დასკვნა, არ არის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანხმობა. იყო უამრავი სხვა დარღვევაც, ამიტო, ახლა ცდილობენ სასამართლომდე მოასწრონ დასრულება, რომ მშენებლობის შეჩერებას აზრი აღარ ჰქონდეს", – ამბობს იულია ლანჩავა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენა, სადაც უნდა გადაწყდეს შეჩერდება თუ არა მშენებლობა, მიმდინარე წლის 25 აპრილსაა ჩანიშნული.

ახალი  პროექტი ძველი გეოლოგიური დასკვნით

რიონის სანაპიროზე, წერეთლის #58-ში სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები სამი თვის წინ დაიწყო. მშენებლობაზე გაცემული ნებართვის მიხედვით, რომელსაც ხელს მერის მოადგილე, იუზა უგულავა აწერს, ადგილზე სამ სართულიანი სასტუმრო შენდება, თუმცა, პროექტში არსებული გეოლოგიური დასკვნით, ირკვევა, რომ ნიადაგის კვლევა არა სასტუმროს, არამედ, ექვს სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით ჩატარდა.

"2017 წლის თებერვალში, შპს "მნ ჯგუფის" დაკვეთით ჩატარდა საინჟინრო- გეოლოგიური გამოკვლევა წერეთლის N 58-ში, მესაკუთრე ვარლამ მეტრეველის მიწის ნაკვეთში მრავალბინიანი, ექვს სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. შენობის დაფუძნების პირობების განსაზღვრისთვის, საპროექტო კონტურის ფარგლებში გაყვანილ იქნა 4 ჭაბურღილი, თითოეული 6.50 გრძ.მ",-  წერია დასკვნაში, რომელშიც მხოლოდ კვლევის ჩატარების წელი და თვე - 2017 წლის თებერვალია მითითებული.

ეს ის დოკუმენტია, რომლის მოპოვებასაც იულია ლანჩავა სამი თვე უშედეგოდ ცდილობდა. მისი თქმით, ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურებში ეუბნებოდნენ, რომ დასკვნა არსებობდა, თუმცა, მისი მოპოვება მანამდე ვერ შეძლო, ვიდრე დახმარება საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს არ სთხოვა. სამთვიანი მცდელობის შემდეგ მიღებულ დოკუმენტში კი, რომელსაც კვლევის ჩატარების რიცხვიც კი არ აქვს მითითებული, სულ სხვა პროექტზეა საუბარი.

იულია ლანჩავა ამბობს, რომ აღნიშნულ დასკვნაში მოყვანილი ფაქტები არასწორია, რადგან სინამდვილეში სამშენებლო ტერიტორიაზე ნიადაგის გამოკვლევა არ მომხდარა.

"2017 წლის თებერვალში, რაზეც დასკვნაშია საუბარი, იმ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი იდგა. იქ ბარით ვერ ამოიღებდნენ 6 მეტრის სიღრმეზე მიწას. სპეციალური ტექნიკა უნდა შემოეყვანათ, რასაც აუცილებლად შევამჩნევდი. მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს არის ყალბი, სახელდახელოდ მომზადებული დასკვნა, "- ამბობს იულია ლანჩავა.

გეოლოგიური დასკვნის ავტორს, თემურ ციხელაშვილს არ ახსოვს კონკრეტულად რომელ რიცხვში ჩაატარა რიონის სანაპიროზე ნიადაგის კვლევა, თუმცა, ამბობს, რომ სამუშაოები ერთ დღეში დაასრულა და შესაძლოა, მეზობლად მცხოვრებ იულია ლანჩავას ის ვერც დაენახა.

"არ მახსოვს ზუსტად რა რიცხვი იყო. როგორც წესი დასკვნას რიცხვს არ ვაწერთ. 4 ჭაბურღილი გავაკეთეთ და ერთ დღეში დავასრულეთ სამუშაოები. ის ქალბატონი იმ დღეს, შეიძლება, საერთოდ არ იყო სახლში და ვერც დაინახა",-ამბობს ციხელაშვილი.

ციხელაშვილს ზუსტად არც ის ახსოვს, რა წარმოადგენდა კვლევის საგანს - სასტუმრო თუ საცხოვრებელი კორპუსი.

ჩვენთან საუბარში მან თადაპირველად განაცხადა, რომ მის მიერ ხელმოწერილი გეოლოგიური დასკვნა სასტუმროს შეეხებოდა, ხოლო დოკუმენტის ნახვის შემდეგ თქვა, რომ შეეშალა და სინამდვილეში კვლევა საცხოვრებელი კორპუსისთვის ჩაატარა, თუმცა, ამბობს, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

"არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა. თუ 6 სართულიან კორპუსს გაუძლებს ნიადაგი, სამ სართულიან სასტუმროს ვერ გაუძლებს? პირიქით, ეს კარგიცაა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმაზე მეტადაა გამოკვლეული, ვიდრე საჭირო იყო," -ამბობს კვლევის ავტორი.

თემურ ციხელაშვილი ის გეოლოგია, რომლის დასკვნაშიც 5 წლის წინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ 14 შენიშვნა იპოვა. წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები დარეჯან იაშვილი იხსენებს, რომ მის მეზობლად 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების საფუძველი, სწორედ ხარვეზებით შედგენილი დასკვნა გახდა.

"5 წლის წინ მე ვიყავი იმ ბრძოლაში, რაშიც ახლა იულია ლანჩავაა. ჩემს მეზობლად 9 სართულიან კორპუსს აშენებდნენ. მაშინაც ციხელაშვილმა დადო დასკვნა, თუმცა, სამხარაულმა 14 შეცდომა უპოვა. ეს იყო მთავარი დოკუმენტი, რომლითაც მე სასამართლოში საქმე მოვიგე და იქ კორპუსის ჩადგმის უფლება არავის მივეცი",- ამბობს დარეჯან იაშვილი.

მისი თქმით, მაშინ ადგილზე კვლევითი სამუშაოები საერთოდ არ ჩატარებულა და დასკვნა ზეპირად დაწერეს.

5 წლის წინ შედგენილ დასკვნაში ხარვეზების არსებობას არ უარყოფს თემურ ციხელაშვილი, თუმცა, ამბობს, რომ სამხარაულმა დოკუმენტში მხოლოდ გრამატიკული შეცდომები იპოვა.

"ძირითადად იყო ჩემი ან მბეჭდავის მიერ მექანიკურად დაშვებული გრამატიკული შეცდომები",- ამბობს ციხელაშვილი.

იმავე ქუჩაზე 5 წლის შემდეგ ჩატარებულ კიდევ ერთ კვლევაზე კი ავტორი ირწმუნება, რომ ამჯერადაც, არც ამ დასკვნაშია რამე სადავო.

ქუთაისის მერიამ კი 5 წლის წინაც და ახლაც ადგილობრივთა წინააღმდეგობის მიუხედავად, მშენებლობებზე ნებართვები გასცა.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ზაზა ჩხიკვაძე, საქმეზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობის მოტივით, საკითხზე საუბარს დუმილს არჩევს და ამბობს, რომ მისი უფლებაა დეტალებზე არ ილაპარაკოს.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია კი განმარტავს, რომ მისმა თანამშრომლებმა მშენებლობა შეამოწმეს და პროცესი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.

დარღვევებით დაწყებული მშენებლობა და შეცვლილი პროექტი

იულია ლანჩავა ამბობს, რომ თავდაპირველად ვერც გაერკვა რა შენდებოდა ადგილზე, რადგან სამშენებლო ტერიტორიაზე არც საინფორმაციო დაფა გამოუკრავთ და მისთვის, როგორც მშენებლობის მომიჯნავედ მცხოვრებისთვის, არაფერი უცნობებიათ. მოგვიანებით კი, როცა მშენებლობის პროექტით დაინტერესდა, აღმოაჩინა, რომ მეპატრონეს ადგილზე მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა ევალებოდა, თუმცა, ამ დროს შენობის პირველი სართული უკვე ამოყვანილი იყო.

"პროექტში უწერია, რომ უნდა გააკეთოს მიწისქვეშა ავტოსადგომი, ასევე, მიწისქვეშ უნდა მოაწყოს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. ააშენა უკვე თითქმის შენობა და სად არის ავტოსადგომი? თავიდანვე დარღვევებით დაიწყო მშენებლობა და ამაზე არავინ აგებს პასუხს,"– ამბობს იულია ლანჩავა.

მეზობლის ბრალდებებს ბრალდებით პასუხობს მშენებლობის მეპატრონე. ვარლამ მეტრეველი ამბობს, რომ იულია ლანჩავას მის მიმართ პირადი ინტერესი აქვს.

"პირადი ინტერესი აქვს ჩემს მიმართ. ადამიანური ენა არ ესმის, მეზობლობა მაგან არ იცის. რა უნდა ვერ გავიგე. ყველაფერი მიდის პროექტის მიხედვით. ხელთ მაქვს ყველანაირი დოკუმენტი. პროექტი და ნებართვა შესაბამისი უწყებებიდან. მაგას თუ არ მოსწონს იქ სასტუმრო, მეც ბევრი რამ არ მომწონს. იქნება ისე, როგორც ნებადართულია პროექტით",–ამბობს ვარლამ მეტრეველი, თუმცა, ამასთანავე ვერ უარყოფს, რომ შენობას მიწისქვეშა ავტოსადგომი არ ექნება.

პროექტის ავტორი, მამუკა სინაურიძე კი ამბობს, რომ სამ სართულიანი სასტუმროს პროექტში ავტოსადგომის ვალდებულება არ წერია.

"თავდაპირველად გვქონდა ექვს სართულიანის პროექტი და იქ იყო გათვალისწინებული მიწისქვეშა ავტოსადგომი, თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არ მოგვცა მშენებლობის უფლება და ამის შემდეგ გადავაკეთეთ 3 სართულიან სასტუმროდ, რომელიც არ გულისხმობს მიწისქვეშა სადგომს. ახალი პროექტი შეთანმხებულია მერიასთანც და სააგენტოსთანაც",–ა მბობს მამუკა სინაურიძე.

მერიისგან მიღებულ საექსპერტო დასკვნაში კი, რომელიც პროექტს თან ახლავს, წერია: 
"საპროექტო შენობის ორი შიგა გასასვლელის გზა-კიბე, ყველა სართულზე მიწისქვეშა სართულის ჩათვლით, სადაც, პროექტით გათვალისწინებულია ავტოსადგომი და სახანძრო ტუმბოსა და გენერატორების ოთახები".





ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია ამბობს, რომ თუ მშენებელი პროექტს გადაუხვევს, მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ქუთაისიპოსტს დაუდასტურეს, რომ სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა გაიცა, თუმცა, დამატებითი განმარტებები ორდღიანი მცდელობის მიუხედავად სააგენტოს აღარ გაუკეთებია.

იულია ლანჩავა ახლა სააპელაციო სასამართლოს მოლოდინშია, ვარლამ მეტრეველი კი პროცესის მოგების შემთხვევაში, ლანჩავასთვის კომპენსაციის დაკისრებით იმუქრება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.