"სააკაშვილის კარიერაზე კომენტარი არასოდეს გამიკეთებია და არც ვაპირებ"
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნეგატიურად შეაფასა.
"სააკაშვილის კარიერაზე კომენტარი არასოდეს გამიკეთებია და არც ვაპირებ. მინდა გავაკეთო კომენტარი საქართველოს მოქალაქეობის დატოვებასთან დაკავშირებით და გამოვხატო მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება. საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა დეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები", - განაცხადა ქუთაისში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები