"ქართული ოცნების" პარტიული
სიის ათეულში ერთ-ერთი კანდიდატი სამკერვალო
საწარმო "იმერის" ხელმძღვანელია.
მაია სიმონიძე სიის მეორე ნომერი გახლავთ.
სამკერვალო საწარმო "იმერი" ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2016 წლის
საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა და ამისთვის შესაბამისი ჯილდოც
გადასცა. ასევე, გასულ წელსვე კომპანიამ "აწარმოე საქართველოს"
ფარგლებში დაფინანსებაც მიიღო.
საწარმოს ხელმძღვანელი, მაია სიმონიძე ჩვენთან საუბარში
განმარტავდა, რომ სამთავრობო პროგრამის სახსრებით
ფაბრიკაში ძველი, საბჭოთა პერიოდში არსებული საამქრო განაახლეს,
რომელიც 120 თანამშრომელზეა გათვლილი და უახლესი დანადგარებითაა
აღჭურვილი. პროგრამის ფარგლებში, ასევე, მთელ საწარმოში გათბობისა და
კონდიცირების ერთიანი სისტემაც მოეწყო.
"ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი ქუთაისის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარიაა. მან რამდენიმე თვის წინ
სოციალური ქსელი ფეისბუქით განცხადება გაავრცელა, რომ ის პოლიტიკაში
დარჩენას არ პირებდა. თუმცა, ამჯერად ის აცხადებს, რომ შეხედულება
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიას გამო
შეიცვალა.
"ძალიან კარგი მერი ეყოლება ჩვენს ქალაქს. ამან უფრო
გადამაწტყვეტინა," – განაცხადა ნიკა ლატარიამ პარტიული სიის ათეულის
წარდგენის ღონისძიებაზე.
ის დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს და მეორე ტურის ჩატარებას
გამორიცხავს. ნიკა ლატარიას კანდიდატურას, გამარჯვების შემთხვევაში,
ქუთაისის მეათე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ მოიაზრებენ. თუმცა,
თავად წინასწარ პროგნოზს არ აკეთებს.
"სულ ცოტაც დაველოდოთ. გავიმარჯვებთ პირველივე ტურში და ვნახავთ," -
ამბობს ლატარია.
გასულ წლებში მისი სახელი იმ კომპანიას უკავშირდებოდა, რომელსაც
ქალაქის ცენტრში "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარედ სასატუმროს
მშენებლობა სურდა. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ქუთაისის მერიამ ამ
ტერიტორიის სანაცვლოდ შპს "ანასტასიას" "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე
ადგილი გადასცა. ნიკა ლატარია ირწმუნებოდა, რომ კომპანიაში მისი დედის
კუთვნილი წილი დათმო და სხვას გადასცა.
ქუთაისის საკრებულოდან, ნიკა ლატარიას გარდა, პარტიულ სიაში კიდევ
ერთი დეპუტატი, ლაშა გვენეტაძე მოხვდა. მიმდინარე წლის 7 თებერვალს
სამართალდამცავებმა ის ძმასთან და მეგობართად ერთად
დააკავა. გამოძება მათ
ბრალს გვენეტაძეების მამის საფლავის შესაძლო
მძარველის ცემაში დებდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატს 9
თვიანი პატიმრობა მიმდინარე წლის 24 მაისს
შეუფარდა. ლაშა გვენეტაძე 5 ოქტომბერს უნდა
გაეთავისუფლებიათ, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, პირობით ვადამდე
გათავისუფლების კომისიამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ის 30
აგვისტოს
გათავისუფლდა.
"ქართული ოცნების" პარტიული სიაშია სპორტული ჟურნალისტი, რამაზ
ჩხიკვაძე. ის გასულ წლებში ჟურნალისტურ საქმიანობასთან ერთად,
ქუთაისის "ტორპედოს" გუნდის მენეჯერი და ტექნიკური მენეჯერიც იყო.
ბოლო პერიოდში კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის დირექტორი
გახლდათ.
სიაში მოხვდა ქუთაისის მაჟორიტარის, კობა ნარჩემაშვილის ბიუროს
ხელმძღვანელი, ალექსანდრე ახალაძე და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული
ორგანიზაციის ლიდერი, ოთარ ლორთქიფანიძე.
"ქართული ოცნების" პარტიული სიის წევრები არიან წერეთლის
უნივერსიტეტის პროფესორები, დავით წულეისკირი და ნანა კოსტავა, ასევე
იურისტი, ვლასი გარდაფხაძე, რომელიც ამჟამად აღსრულების ეროვნულ
ბიუროში მუშაობს.
სიის მეათე ნომერი კი მოკრივე და მსოფლიოს ჩემპიონი კობა ფხაკაძეა,
რომელიც ამ ტიტულის გარდა, არაერთი ჯილდოს მფლობელია.
მასალის გამოყენების პირობები