"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია ქალაქის
მერობის კანდიდატად წარსადგენად კონსულტაციებს ხატია
დეკანოიძესთან მართავს.
ამის შესახებ ქუთაისისპოსტს პარტიის წარმამადგენელმა, ბესიკ ბრეგაძემ
განუცხადა.
მისივე თქმით, დეკანოიძესთან ერთად, ქუთაისის მერობის კანდიდატობაზე
კონსულტაციები რამდენიმე პირთან მიმდინარეობს, რომელთა შორის
ადგილობრივი კადრებიც არიან.
თუმცა, ბრეგაძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდი
მოგვიანებით მიიღებს, რომელიც ამ საკითზე აქტიურად მუშაობს.
"ხატია დეკანოიძეც და სხვა სავარაუდო კანდიდატებიც მზად არიან
პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, თუმცა საბოლოო შეთანხმება
გუნდურად მიიღება და ამის შესახებ ცნობილი მოგვიანებით გახდება," -
განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.
ხატია დეკანოიძე 2007 წლიდან საქართველოს პოლიციის აკადემიას
ხელმძღვანელობდა. ის, ასევე, იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელიც. 2012 წლის 4 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე კი ქვეყნის
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გახლდათ.
2015- 2016 წლებში ხატია დეკანოიძე უკრაინის ეროვნულ პოლიციას
ხელმძღვანელობდა. ის ამ პოსტდან საკუთარი განცხადების საფუძველზე
გადადგა.
მასალის გამოყენების პირობები