საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ
პარლამენტში დეპუტატებს ე.წ. მოსმენების შესახებ საკანონმდებლო
პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა.
ანა დოლიძის განმარტებით, "საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტო", რომელმაც ფარული საგამოძიებო მოქმედებები უნდა
განახორციელოს, საგამოძიებო უწყებისგან, კერძოდ კი სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურისგან დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს.
"პირადი ხასიათის ინფორმაციის ფლობა, ადმინისტრირება და პირდაპირი
წვდომის საშუალება, ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს
გამოძიების ფუნქცია, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის პრეცენდენტს,
ქმნის სისტემურ საფრთხეს, რომ მოხდება იმაზე მეტად ხშირად ჩარევა
ადამიანების პირად ცხოვრებაში, ვიდრე ეს კანონით დადგენილია," -
განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ
"ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" პირდაპირ საქართველოს
პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება, ასევე პრემიერი განახორციელებს
კონტროლს, დანიშნავს და მოხსნის სააგენტოს ხელმძღვანელს.
ე.წ. მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პრეზიდენტმა ვეტო
მესამედ დაადო.
მასალის გამოყენების პირობები