ქუთაისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელობამ "ნაციონალური მოძრაობის"
ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ყრილობის ჩასატარებლად
ფართის დათმობაზე უარი უთხრა.
პარტიის ყრილობაზე უნდა მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის
ორგანიზაციის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევა.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრი და საკრებულოს დეპუტატი, ბესიკ
ბრეგაძე, ქუთაისისპოსტთან საუბარში ამბობს, რომ შეკრების ადგილთან
დაკავშირებული პრობლემის გამო, უცნობია თუ როდის ჩატარდება
ყრილობა.
"თებერვლის ბოლოს ვგეგმავთ, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით.
ადგილთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა. ოპერის თეატრმა უარი გვითხრა,
თუმცა რა მიზეზით ვერ გეტყვით", –ამბობს ბესიკ ბრეგაძე.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ირინა
ლომინაძე ირწმუნება, რომ მას "ნაციონალური მოძრაობისთვის" უარი
პოლიტიკური მოტივით არ უთქვამს.
"არც ერთი პარტიისთვის არ დამითმია თეატრი, მათ შორის არც საარჩევნო
პერიოდში. რადგან, მიმაჩნია, რომ აქ, ამ კედლებში უნდა ისმოდეს მხოლოდ
ოპერა და კარგი მუსიკა. პოლიტიკური დებატების ადგილი კი ოპერის
თეატრში არ არის", – ამბობს ირინა ლომინაძე.
რაც შეეხება, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის
კანდიდატურებს, რომელიც ყრილობაზე პრაიმერის
ან არჩევნების წესით უნდა მოხდეს, ბრეგაძე ამბობს, რომ ერთი--ერთი
კანდიდატი თავად იქნება.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე
რეგისტრაცია კანდიდატებმა ყრილობამდე ერთი კვირით ადრე უნდა
გაიარონ.
მასალის გამოყენების პირობები