ქუთაისის მერიაში მიმდინარე წლის სექტემბერში ერთთვიანი შვებულებით
უფრო მეტმა დასაქმებულმა ისარგებლა, ვიდრე გასული წლის ამავე
პერიოდში.
თვითმმართველობიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის
შვებულებით 56 ადამიანი სარგებლობს, რაც 15-ით მეტია 2015 წლის ამავე
პერიოდის მონაცემებზე.
მიმდინარე წელს შვებულებით მოსარგებლეთა რაოდენობა მერიის
დაქვემდებარებაში არსებულ ააიპ დაწესებულებებშიც გაზრდილია, სადაც
სექტემბრის თვეში შვებულებაში 111 თანამშრომელი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციაში
განმარტებული არ არის რამდენიმე ააიპ დაწესებულებაში თანამშრომელთა
შვებულებაში გასვლის პერიოდი.
2015 წლის სექტემბერში, მერიის მიერ დაქვმდებარებული ააიპ–ებში
ერთთვიანი შვებულების უფლებით 39-მა, 2014 წელს კი 40-მა საჯარო
მოხელემ ისარგებლა.
პოლიტიკურ წრეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ
წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეთა შვებულებაში გასვლა მიღებული
პრაქტიკაა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის ოფისში
განმარტავენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ ამას კანონი არ უკრძალავთ,
ასეთი მასშტაბები ყოველთვის იწვევს ეჭვს ადმინისტრაციული რესურსის
შესაძლო გამოყენებაზე.
"წინა წლებში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში,
თვითმმართველობებსა და მუნიციპალიტეტებში თანამშრომლების ნახევარზე
მეტი სარგებლობდა კუთვნილი შვებულებით. ცხადია, ეს კანონის მიხედვით
არ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა არსებობს რისკი, რომ ამ გზით
ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გამოიყენონ არსებული რესურსი და საჯარო
მოხელეები ჩართონ წინასაარჩევნო აგიტაციაში",- მიიჩნევს "საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი, ზურაბ
ზამბახიძე.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროგრამების
ხელმძღვანელის, ირმა პავლიაშვილის განმარტებით, ადმინისტრაციული
რესურსის ზუსტი დეფინიცია არ არსებობს. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში
ასეთად ყველა ის ქმედება განიხილება, რომელიც ხელს უწყობს
სახელისუფლებო კანდიდატის მიმართ აგიტაცია-პროპაგანდას. ამასთანავე,
ის შეიძლება გამოყენებული იქნას კონკურენტი საარჩევნო სუბიექტის
დისკრიმინაციისთვის.
ადმინისტრაციული რესურსის ძირითადი სახეები ფინანსური, ტექნიკური და
ადამიანურია.
პოლიტიკურ წრეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ
წინასაარჩევნოდ ყველაზე ხშირად ადამიანური რესურსის გამოყენება
ხდება.
"პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" ქუთაისის # 49-ე ოლქის
მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი წულაიას განცხადებით, ადგილობრივი
ხელისუფლება ახალ კადრებს ასაქმებს, რომლებსაც შემდეგ წინასაარჩევნო
კამპანიისთვის გამოიყენებს. მაჟორიტარობის კანდიდატმა ერთ-ერთ ასეთ
დაწესებულებად "სპეციალურისერვისები" დაასახელა.
ააიპი "სპეციალურ სერვისებში" წულაიას ბრალდებები უარყვეს, თუმცა, ვერ
დააკონკრეტეს რამდენი თანამშრომელი ყავთ დაწესებულებაში. უწყებაში
განმარტეს, რომ თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი გარე სამუშაოებზეა
დასაქმებული, და მათი რაოდენობა შესასრულებელი სამუშაოს მასშტაბების
შესაბამისად იცვლება.
"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის # 48–ე ოლქის მაჟორიტარობის დეპუტატი
ნატო ქათამაძე მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო გუნდი ადმინისტრაციულ
რესურსს არა მხოლოდ მათი კანდიდატის მხარდასაჭერად, არამედ
კონკურენციის შესამცირებლადაც იყენებს.
"ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენებოდა ყველა ხელისუფლების დროს. ეს
არის ჩვეული პრაქტიკა. უფრო ცუდი ისაა, რომ ეს ბერკეტები, ხშირად,
არჩევნებში მონაწილე არასახელისუფლებო პარტიებს არათანაბარი
კონკურენციის პირობებში აყენებს. მაგალითად, მარტივი შესამჩნევია, რომ
ქალაქში არსებული თითქმის ყველა ბილბორდი სახელისუფლებო გუნდის
კანდიდატებს აქვთ ათვისებული. ეს თანხებთან არის დაკავშირებული, რისი
საშუალებაც ყველა პარტიას არ აქვს ",-აცხადებს ნატო ქათამაძე.
თანაბრობის პრინციპი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა თქმით,
არც ერთ არჩევნებზე არ არის დაცული.
საიას საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელის განცხადებით, გარდა იმისა,
რომ სახელისუფლებო გუნდის კანდიდატებს ყოველთვის უფრო მეტი ფინანსური
რესურსი აქვთ წინასარჩევნო კაპანიის საწარმოებლად, მათ ასევე,
შეუძლიათ ფარულად გამოიყენონ თვითმმართველობებისა და
მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ტექნიკური
საშუალება.
"რთულია აკონტროლო სხვადასხვა სახის ტექნიკის, საკომუნიკაციო
საშუალებების გამოყენება. ეს უფრო მარტივი დასაფიქსირებელია, როცა
საქმე გვაქვს სოციალურ ქსელებთან. პრაქტიკაში გვხდება სხვა უფრო
მნიშვნელოვანი დარღვევებიც. ისეთი, როგორიცაა საბიუჯეტო თანხების,
სოციალური პროგრამების წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელება და
სხვა",-აცხადებს ირმა პავლიაშვილი.
არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენების საერთო ტენდენცია, გამჭვირვალობის ხარისხის მატების
პარალელურად, ბოლო წლებში შეიცვალა, თუმცა, დარღვევები მაინც
ფიქსირდება, სახელისუფლებო კანდიდატების ფარული მეთოდებით
მხარდაჭერა კი კვლავ გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები