"ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხები", - ეს
გახლდათ მოხსენების თემა, რომლითაც არალეგიტიმურად მიჩნეული
პარლამენტის წინაშე წარსდგა კოლეგიის მიერ, "ქართული ოცნების" ხმათა
უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი.
იგი რამდენიმე საკითხს შეეხო და ისაუბრა სამშვიდობო პოლიტიკაზე,
"ხელოვნურ პოლარიზაციაზე", შეწყალების აქტსა და სხვა
თემებზე.
მან ასევე, მადლობა მოახსენა ძალოვანებს "ქვეყნის სამსახურში
დაუღალავად ყოფნისთვის".
"მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს, უკლებლივ
ყველა ჯარისკაცს, ასე ღირსებით და ამაყად რომ ატარებენ სამხედრო
ფორმას, თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ
იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და წესრიგს ქვეყნაში".
მიხეილ ყაველაშვილმა აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის გზებზეც
ილაპარაკა.
"თითოეული ჩვენგანი კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სამშვიდობო
პოლიტიკა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობის მაღალი დონე ის
მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან
განსაკუთრებით გვაახლოებს. ეს არის გზა, რომელსაც ალტერნატივა არ
გააჩნია.
მჯერა, ჩვენ მალე შევძლებთ, ომის იარები ერთად მოვიშუშოთ და
გავაგრძელებთ ბედნიერ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და აყვავებულ
საქართველოში", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა ერთპარტიულ
პარლამენტში მოხსენების დროს.
ყაველაშვილმა სიხარულით ახსენა აშშ-ში დონალდ ტრამპის
გამარჯვება, რაც , მისი თქმით, ფსევდო-ლიბერალური წესრიგის
ცვლილებას გამოიწვევს მსოფლიოში.
"მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი. აშშ-ში მიმდინარე
პროცესებმა და მისმა გამოძახილმა მთელ მსოფლიოში, კიდევ ერთხელ
დაარწმუნა ქართველი ხალხი, თუ რამდენად სწორ პოლიტიკას და
ღირებულებებს ატარებს ჩვენი საქართველო და სახელმწიფო"
ყაველაშვილმა შეწყალების აქტიც არ დაივიწყა და 613 პატიმრის
შეწყალება ჰუმანურობით ახსნა.
"ჩემთვის გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი გაუგებარია. არ
მესმის, როგორ შეიძლება, არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს შესაძლებლობა
ეძლევათ, საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებსა და მეგობრებს
დაუბრუნდნენ. ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში არაერთ უწყებასთან ვიმუშავეთ
აქტიურად იმისთვის, რომ ადამიანებს საკუთარ ოჯახებში დაბრუნება მალე
შეძლებოდათ [...]
ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ, იყო ბალანსის
დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის. ამ საკითხს
მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
არავინ გაბედოს და პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით
სპეკულირება არ სცადოს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მან მოხსენებაში "თავსმოხვეული ხელოვნური პოლარიზაცია" ახსენა და ისიც
თქვა, რომ ამ პროცესში "ახალგაზრდებს იყენებენ".
"მსურს, კვლავ დავუბრუნდე თავსმოხვეულ, ხელოვნურ პოლარიზაციას.
სამწუხაროდ, ამ პროცესში აქტიურად იყენებენ არაერთ გულწრფელ და
გულანთებულ ახალგაზრდას. კარგად მახსოვს ჩემი თავი, როდესაც
ახალგაზრდა ვიყავი, ვიცი რამდენად მოჭარბებულია ემოციები ამ პერიოდში,
რამდენად იმპულსური, მეამბოხე და ფეთქებადი ხარ. როგორი მძაფრია
შეფასებები და განწყობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ მსგავს
ემოციებზე თამაშობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები.
ჩემთვის წარმოუდგენელია არსებობდეს ქართველი ადამიანი, ვინც არ
ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი
ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას, ქვეყნის განვითარებას და
კეთილდღეობას. თუკი არსებობს ასეთი ადამიანი, ის არ ემსახურება ჩვენი
ქვეყნის ინტერესებს."
ქვეყანაში 69 დღეა უწყვეტად მიმდიანრეობს საპროტესტო აქციები ახალი
არჩვნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების
მოთხოვნით. უწყვეტი პროტესტი, ქვეყნის მასშტაბით, მას შემდეგ
დაიწყო, რაც 28 ნოემბერს "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო
ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან
გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება.
მასალის გამოყენების პირობები