პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს
FaceBook
„ქართული ოცნების“ წევრის თეა წულუკიანის განცხადებით, "ქართული ოცნება" წყვეტს მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში.
მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.

როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა დებატი, უნდა დამტკიცებულიყო თუ არა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება. ბევრი ადამიანი, პირველ რიგში კი ჩვენი ანტი-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ.

ეს გეგმა ჯერ საკომიტეტო მოსმენისას ჩავარდა, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების უარყოფას 306 წევრისგან შემდგარი ასამბლეის მხოლოდ 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

შესაბამისად, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება, რამდენიმე წუთის წინ, საბოლოო კენჭისყრაზე დადგა და იქნა ცნობილი.

თუმცა, უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს.

საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს“, - განაცხადა წულუკიანმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“საარჩევნო კოდექსში“ “ქართული ოცნების“ დეპუტატების
ინიციატივით შესული ცვლილების მიხედვით, საკრებულოს
არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება.
12:47 / 28.01.2025
“საარჩევნო კოდექსში“ “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით შესული ცვლილების მიხედვით, საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება.
ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის
გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების შესახებ
გადაწყვეტილება მიიღო.
17:11 / 27.01.2025
ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.