ამერიკის შეერთებული შტატების
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციაზე ვრცლად
ისაუბრა მისი პოლიტიკური გეგმებისა და პრიორიტეტების
შესახებ.
პრეზიდენტმა ისაუბრა რეკორდულ
ინფლაციაზე, ელექტროენერგიის ფასის ზრდაზე და თქვა, რომ გამოაცხადებს
ენერგეტიკულ საგანგებო მდგომარეობას.
"ჩემი კაბინეტის ყველა წევრს
დავავალებ, გამოიყენოს მათი ხელთ არსებული შესაძლებლობები, რათა
დავძლიოთ რეკორდული ინფლაცია და სწრაფად დავაგდოთ ფასები. ინფლაციის
კრიზისი გამოწვეული იყო მასიური ხარჯვით და ენერგიის ფასების ზრდით,
სწორედ ამიტომ დღესვე გამოვაცხადებ ეროვნულ ენერგეტიკული საგანგებო
მდგომარეობას. ჩვენ დავწევთ ფასებს, ავავსებთ სტრატეგიულ რეზერვებს,
და გავიტანთ ამერიკულ ენერგიას მთელ მსოფლიოში. ჩვენ კვლავ გავხდებით
მდიდარი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვა სამრეწველო ქვეყნებს
არასდროს ექნებათ: ყველაზე დიდი რაოდენობის ნავთობი და გაზი
მსოფლიოში, და ჩვენ მას გამოვიყენებთ", - განაცხადა
ტრამპმა.
მისი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი
თემა იყო მიგრაცია. ტრამპმა ინაუგურაციაზე დადო პირობა, რომ
ამერიკაში არალეგალურად შესვლა
დასრულდება.
ამერიკაში არალეგალურად შემოსვლა
დაუყოვნებლივ შეჩერდება და ჩვენ დავიწყებთ მილიონობით კრიმინალი
უცხოელის უკან გაბრუნების პროცესს, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ.
აღვადგენთ ჩემს "დარჩი მექსიკაში" პოლიტიკას. დავასრულებ "დაიჭირე და
გააბრუნე" პრაქტიკას და გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე, რათა
შეწყდეს ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული შემოსევა", - განაცხადა
ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა.
მან ფიცის დადების შემდეგ თქვა
ისიც, რომ დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს კანონს, რომლის მიხედვითაც
ნარკოკარტელები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად
გამოცხადდებიან.
უფლებამოსილების პირველ დღეს
ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორისაა:
აშშ-ის გასვლა პარიზის კლიმატის
შეთანხმებიდან;
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან
(WHO) გასვლის პროცესის დაწყება;
"საგანგებო მდგომარეობის"
გამოცხადება ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, რაც აშშ-ის ჯარების სამხრეთ
საზღვარზე გაგზავნას ითვალისწინებს;
აშშ-ში დაბადებულთათვის
მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების გაუქმება. თუმცა მოსალოდნელია,
რომ ეს ბრძანება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის
კონსტიტუციასთან, სამართლებრივი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდება;
ნარკოკარტელების უცხოურ ტერორისტულ
ორგანიზაციებად გამოცხადება;
ორი ბიოლოგიური სქესის განსაზღვრა
და მრავალფეროვნების პროგრამების შეჩერება;
ბრძანება ფედერალურ მთავრობისადმი,
აღადგინოს სიტყვის თავისუფლება და ხელი შეუშალოს ცენზურას;
მთავრობის ეფექტიანობის
დეპარტამენტის შექმნა, რომელიც არის საკონსულტაციო საბჭო და არა
ოფიციალური სამთავრობო დეპარტამენტი. მას ილონ მასკი და ვივეკ
რამასვამი უხელმძღვანელებენ;
TikTok-ის
აკრძალვის აღსრულების 75 დღით გადავადება;
მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის
დარქმევა და დენალის მთისთვის ძველი სახელის, მაკკინლის მთის
დაბრუნება.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული
შტატების პრეზიდენტად 2024 წლის 5 ნოემბერს აირჩიეს. მან ამ პოსტზე
ჯოზეფ ბაიდენი შეცვალა. ტრამპი შტატების პრეზიდენტი მეორედ
გახდა.
მასალის გამოყენების პირობები