"დაწყებულია ახალი ტალღა რეპრესიების, დაჭერების,
დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - გააჩეროს ის პროტესტი,
რომელიც არ გაჩერდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
ბრიფინგზე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ისაუბრა 15 იანვრის ღამეს, ყოფილ
პრემიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმასა და რამდენიმე დღის წინ, აბუ -
დაბიში, რესტორანში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც რეჟიმის პარლამენტის
დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მონაწილეობდნენ. სალომე
ზურაბიშვილის თქმით, რეჟიმი "ქართული ოცნების" დეპუტატებს ძალადობის
განსახორციელებლად იყენებს.
"ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც
იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც ახასიათებდა და ახასიათებს პუტინის
რეჟიმს. ის, რაც მოხდა აბუ-დაბიში ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ,
დეპუტატის მიმართ, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ მოთმინების ვალდებულება,
მაგრამ არ ჩანს არასად ეს მოთმინება, პირიქით, ეს დეპუტატები
გამოყენებული არიან იმ ძალადობაში, რაც
ავტორიტარულ-დიქტატორულ-ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს. ის, რაც
მოხდა გიორგი გახარიას მიმართ, არის სრულიად წარმოუდგენელი, არ მინდა
გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება ეს და
არავის მიმართ ძალადობა არ შეიძლება. მცდელობა იმისი, რომ მოქალაქეები
დააშინონ, ეს არის მიუღებელი", - განაცხადა სალომე
ზურაბიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა დღევანდელი გაფიცვის მნიშვნელობაზე
და მიმართა ბიძინა ივანიშვილს.
"სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მანიშნებელი, რომ
საზოგადოება არ დაშინდება, საზოგადოება რის შემართებით, იცის რა უნდა
და იცის რა არ უნდა. არ დათანხმდება საქართველო იმაზე, რომ ქვეყანა
გადაიქცეს რუსულ რეჟიმად. ამისთვის საქართველო იბრძვის, იბრძვის
მშვიდობიანად. მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა,
რომელიც აშკარად არის პროვოცირება კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების,
ან ყოველ შემთხვევაში, დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო
დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი. არ არსებობს ორი მხარე
საქართველოში, არის რეჟიმი ერთ მხარეს და საზოგადოება მეორე მხარეს და
ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის
იმარჯვებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 15:00 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო
გაფიცვა იწყება. "იფიცება საქართველო" - ეს
სლოგანი დღეს ათასობით ადამიანს გააერთიანებს. საყოველთაო გაფიცვა,
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის გაგრძელებაა.
მასალის გამოყენების პირობები