ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულების ხელფასები,
იანვრიდან, 10%-ით მოიმატებს.
შესაბამის დადგენილებას, საკრებულოს აპარატისა და მერიის საშტატო
ნუსხაში შესული ცვლილებების შესახებ, საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს
მხარი.
ცვლილების შედეგად, იცვლება დასაქმებულთა რაოდენობაც. კერძოდ, მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის, პეტრე ადამაძის თქმით,
მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 8 ერთეულით მცირდება.
მისივე განმარტებით, ძირითადად, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი
თანამშრომლების ადგილებია გაუქმებული.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში,
საჯარო მოხელეებს და თანამშრომლებს ეზრდებათ ხელფასები 10%-ის
ოდენობით. შესაბამისად, მერიაში, თანამშრომლებს გაეზარდათ
თანამდებობრივი სარგოები 10%-ით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული
რედაქციით, მერიაში 8 ერთეულით მცირდება თანამშრომლების რაოდენობა",-
განმარტა პეტრე ადამაძემ.
რაც შეეხება საკრებულოს აპარატს, იანვრიდან, აქ დასაქმებულთა
ხელფასებიც 10%-ით იზრდება, თანამშრომელთა ოდენობა კი არ შეცვლილა.
როგორც საკრებულოს პრესსამსახურში განმარტავენ, მხოლოდ კატეგორიების
ცვლილება მოხდა (მეორე კატეგორიიდან პირველ კატეგორიაში გადასვლა),
რისთვისაც შიდა კონკურსი გამოცხადდება.
ამ დროისთვის, მერიაში 350 ადამიანია დასაქმებული, საკრებულოს
აპარატში კი - 39.
მასალის გამოყენების პირობები