ოპოზიციისა და სადამკვირებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების
ბრალდებას, მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლისთვის პირადი მოწმობების
ჩამორთმევის თაობაზე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა
მდინარაძე მხოლოდ ფეისბუქ პოსტით ეხმაურება.
"როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ ფეიკ
თემად უნდათ რომ აქციონ. ამავე დროს, ამოვარდა ინფორმაციები, რომ
აგენტურული ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ
გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ (ზუგდიდი, თელავი და სხვა, თავად
უკეთ მიხვდებიან…). ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, ვინც
საარჩევნო პროცესებშია ჩართული, პირველ რიგში, „ქართული ოცნების
აქტივს“:
საერთოდ არაფერში გვჭირდება თუნდაც მცირე გადახვევაც კი კანონის
ჩარჩოებიდან. რომც გვჭირდებოდეს, არ ვიკადრებთ! ამიტომ, თუკი ვინმე,
ნებისმიერ დონეზე იტყვის, რომ ან პირადობის მოწმობის გამორთმევა
ამომრჩევლისთვის, ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, მიუთითეთ
ამ განცხადებაზე და უთხარით, რომ პირიქით, ეს არის მავნებლობა,
რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს", - წერს მამუკა მდინარაძემ.
ის ასევე მიმართავს ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს,
არავის გადასცენ პირადობის მოწმობა და საკუთარი შეხედულებისამებრ
მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
"მივმართავ ყველას, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად: რაც
არ უნდა ხდებოდეს, არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა,
საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და ყველას
გთხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც მონაწილეობაზე, ასევე თქვენს
არჩევანზე! ამ არჩევნების შედეგებზე ისეა ქვეყნის მომავალი
დამოკიდებული, როგორც არასდროს! თითოეული ხმა გადამწყვეტია და არავის
მიცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენ არჩევანში! ხვალ კი, საღამოს შვიდზე,
გელოდებით თავისუფლებაზე რეალური თავისუფლებისთვის და ღირსეული,
ტრადიციული, ქრისტიანული ევროპისთვის!", - წერს მამუკა მდინარაძე
სოციალურ ქსელში.
საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სადამკვირებლო
ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ვრცელდება
ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ ან მათ
პირად ნომრებს ინიშნავენ. მათი თქმით, მოქალაქეებისთვის პირადობის
მოწმობების ჩამორთმევას, როგორც წესი, ორი მიზეზი აქვს: ოპოზიციის ან
საეჭვო ამორჩევლის სახლში დატოვება და კარუსელის დატრიალება.
შესაბამისად, ისინი ამბობენ, რომ საარჩევნო პერიოდში, მსგავსი
ფაქტები, შესაძლოა, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის ან მათთვის
არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლისთვის იქნას გამოყენებული.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეებს მოქმედი პირადობის
მოწმობა ან პასპორტი უნდა ჰქონდეთ და საარჩევნო უბანზე ამ ორიდან
ერთ-ერთით უნდა მივიდნენ. იმ შემთხვევაში თუ არჩევნების დღეს მათ
პირადობის მოწმობები ჩამორთმეული ექნებათ, ისინი არჩევნებში
მონაწილეობას ვერ შეძლებენ, თუ, რა თქმა უნდა, პირადობის ნაცვლად,
საარჩევნო უბანზე პასპორტით არ გამოცხადდებიან.
გუშინ, 21 ოქტომბერს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ"
შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც
არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ერთ-ერთ
მაგალითად ამომრჩევლის ნებაზე დანაშაულებრივი ზემოქმედება დაასახელა.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, კვლავ იჩინა თავი
ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა აპრობირებული მეთოდებით - მათ შორის,
მუქარით, დაშინებით, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებით,
პირადობის მოწმობების ჩამორთმევით, მოსყიდვით, უკანონო დაპირებების
გაცემით და შესრულებით ზემოქმედების ფაქტებმა.
26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები