პოლიტიკა
ავტოდრომი და სპორტის სასახლე - რას ჰპირდება ქუთაისელებს "ოცნება" წინასაარჩევნოდ
FaceBook
მრავალფუნქციური სპორტის სასახლე და ავტოდრომი - ეს ის მორიგი დაპირებებია, რომლებიც ხელისუფლების პირველმა პირებმა, ქუთაისში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახმოვანეს.
მმართველი პარტიის რეგიონულ ღონისძიებაზე, რომელიც, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 19 ოქტომბერს გაიმართა, იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოყვანილ ხალხს სიტყვით ირაკლი კობახიძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, ირაკლი ქარსელაძემ, მამუკა მდინარაძემ, შალვა პაპუაშვილმა, კახი კალაძემ და პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართეს.

ჩამოთვლილთაგან კონკრეტული დაპირებები მხოლოდ პარტიის თავმჯდომარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, რომლის თქმითაც, ქუთაისის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდება მრავალფუნქციური სპორტის სასახლე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისელებისთვის და ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის.

ასევე, ჩვენ გვითხრეს რომ ქუთაისელ ახალგაზრდებში განსაკუთრებით არის ავტოდრომზე ძალიან დიდი მოთხოვნა და ამასთან დაკავშირებითაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომი ქუთაისში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, თუმცა როდის და კონკრეტულად რა ლოკაციაზე იგეგმება აღნიშნული ობიექტების მშენებლობა, არ დაუკონკრეტებია.

კობახიძის ამ დაპირებას გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძეც, თუმცა პროექტის დეტალებზე არც მას უსაუბრია.

„მეგობრებო, საოცარია. ქუთაისს ექნება ახალი სპორტის სასახლე. ეს იქნება იმაზე მაგარი, ვიდრე არის ოლიმპიური აუზი, იმაზე მაგარი, ვიდრე არის შენგელიას სახელობის „ტორპედოს“ სტადიონი. ეს იქნება ახალი ჩემპიონების სამჭედლო და ის მომავალი, რასაც ჯანსაღი, ქართული, ტრადიციული, ეროვნული მომავალი ჰქვია“,- აღნიშნა ქარსელაძემ.

ამის შემდეგ საუბარი უკვე არსებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფართოების პროექტს შეეხო.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უკავშირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ქუთაისის, იმერეთის განვითარებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

მნიშვნელოვნად გაფართოვდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც 2028 წლისთვის სტუდენტების რაოდენობა 20 ათასს გადააჭარბებს. ამით, ქუთაისი გახდება ნამდვილი საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისთან ერთად, მას ექნება თანაბარმნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერის ფუნქცია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი ქუთაისის განვითარებას სრულიად სხვა სტიმულს შესძენს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის მოკლედ შეეხო ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის საკითხსაც, იმ შენობაში, რომელსაც ფუნქცია წლების განმავლობაში ვერ მოუძებნეს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ტექნოჰაბის ცენტრად გადაქცევა დაანონსეს და პრეზენტაციაც გამართეს.

„ჩვენ დავაანონსეთ, რომ ყოფილი პარლამენტის შენობაში უკვე მომავალ წელს გაიხსნება ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც განთავსდება უმაღლესი დონის ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საერთაშორისო IT-სკოლები, მსოფლიო დონის სამეცნიერო მუზეუმი და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნება მრავლად ამ პროექტის განხორციელებისთანავე ქუთაისში და მთლიანად იმერეთის რეგიონის მაცხოვრებელთათვის“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რეგიონული შეკრებების შემაჯამებელი ღონისძიება სიმბოლურია ქუთაისში რომ გაიმართა, საქართველოს სამეფოს ისტორიულ დედაქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებელმა გააერთიანა საქართველო, თუმცა არაფერი უთქვათ გელათზე, რომელიც სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ინგრევა.

ასევე, არაფერი უთქვათ იმ დაპირებული პროექტების შესახებ: ელექტრომობილების ქარხანის, ელექტრობატარეების საწარმოს, „ოცნების“ ქალაქის, საპოლიციო ჰაბის შექმნასა და რიონისპირა სახლების რეაბილიტაციაზე, რომელსაც, ძირთადად, ასევე საარჩევნო პერიოდში გვპირდებოდნენ და რომელი პროექტებიც ამ დრომდე განუხორციელებელია.

„ოცნების“ ლიდერები წინასაარჩევნო ღონისძიებაზე საუბრობდნენ ქუთაისის, როგორც უძველესი ევროპული ქალაქის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, თუმცა არ უსაუბრიათ იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ამ ქალაქის მოსახლეობას აწუხებს, არც იმაზე, რომ ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობით, მეორედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.