პოლიტიკა
რას მოიცავს "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო პროგრამა - კოალიციის ლიდერმა ქუთაისში "ილიას გზა" წარადგინა
FaceBook
"ილიას გზა" არის, ჩემი აზრით, საუკეთესო წინასაარჩევნო პროგრამა, რაც კი დღეს პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ",- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

ის, ქუთაისში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებსაც მათი კოალიციის ხედვები და მთავარი დაპირებები გააცნო. 

როგორც ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო პროგრამა ლოგიკური და თანმიმდევრულია და სამ ძირითად დაპირებას მოიცავს: ევროკავშირში გაწევრიანებას, ეკონომიკის გაძლიერებასა და სოციალური სისტემის შექმნას. 

"ეს სამი ჩემთვის არის თანმიმდევრული ნაბიჯები, რაც, დიდწილად, ერთი მეორეს მოჰყვება. ქვეყანამ არჩევნების შემდეგ უნდა აჩვენოს, რომ მას გააჩნია პოლიტიკური ნება, განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც არის გასატარებელი. ეს ცხრა ნაბიჯი არის აუცილებელი მინიმუმი, იმისთვის რომ ევროპელებმა გაგვიხსნან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ამის მიღწევა, ჩემი აზრით, საკმაოდ სწრაფად არის შესაძლებელი: მუშაობის დაწყება რამდენიმე ძირითად პაკეტზე, რეფორმების, საგარეო დიპლომატიის გააქტიურება, ნათელი გზავნილის ჩატანა ბრიუსელსა და სხვა მნიშვნელოვან დედაქალაქებში და დარწმუნება ჩვენი პარტნიორებისა იმაში, რომ ეს არის სტაბილური დემოკრატიული კოალიცია, რომელიც შეძლებს ამ რეფორმების განხორციელებას",- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ. 

მას მიაჩნია, რომ ოპოზიციაში არის უნარები იმისთვის, რომ ისეთი ხალხით დაკომპლექტდეს ძირითადი სტრუქტურები და ინსტიტუტები, რომლებიც შეძლებენ თავიანთი საქმის კეთებას. 

ლევან ცუცქირიძის თქმით, პარლამენტი უნდა იყოს მთავარი წარმომადგენლობითი ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დემოკრატიულ ზედამხედველობას განახორციელებს. ამიტომ, მას მიაჩნია, რომ საპარლამენტო პროცესის გაჯანსაღება და განვითარებაა უმნიშვნელოვანესია. 

ამასთან, ცუცქირიძის განმარტებით, რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება იქნება ის, რაზეც ძალიან ბევრს იბრძოლებენ პარლამენტში.

"პოლიტიკური ცვლილების მერე, ვიღაცები თვლიან, რომ უბრალოდ უნდა შეიცვალონ ადამიანები და არ უნდა შეიცვალოს ის, როგორც კეთდება სახელმწიფო მმართველობა. ამიტომ, თვითმმართველობის რეალურად ამოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მგონია, რომ მომავალი, 2025 წლის არჩევნები უნდა იყოს უკვე ახალი თვითმმართველობის პირობებში ჩატარებული არჩევნები, როდესაც ქმედით საკრებულოებს ავირჩევთ, რომლებსაც რეალური პასუხისმგებლობაც ექნებათ, გავლენაც და მეტი ანგარიშვალდებულებაც არა პარტიული ლიდერების, არამედ ამომრჩევლების მიმართ",- განაცხადა კოალიციის ლიდერმა. 




ლევან ცუცქირიძემ განათლების სისტემის რეფორმების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული პარტიული გავლენისა და კონტროლისაგან სრულიანად უნდა გათავისუფლდეს. 

"აქაც, პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგას, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განათლებაზე დაფუძნებული და ჩვენი წარმატება განათლებულ საზოგადოებასა და კადრებს ეფუძნებოდეს, ეს არის გათავისუფლება პარტიული გავლენებისა და კონტროლისაგან, პედაგოგების, დირექტორების, ყველასი, ეს უნდა მორჩეს. პარტიული კომპონენტი საერთოდ უნდა მოცილდეს განათლების სისტემას. სკოლების, უნივერსიტეტების რეალური დეცენტრალიზაცია არის მნიშვნელოვანი საკითხი. სკოლა ეკუთვნის თემს და არა სამინისტროს. იგივე შეიძლება ითქვას უნივერსიტეტებზეც, ფინანსური ნაკადების მართვაზეც, ავტორიზაციასა და აკრედიტაციაზეც",- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ. 

კოალიცია "ძლიერი საქართველო" ქვეყანაში კონომიკური სიტუაციის გამოსწორებას დემოკრატიის გავითარებასა და ევროკავშირთან ურთიერთობაში ხედავს. 

პოლიტიკურ გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ დემოკრატია და ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები ინვესტორებს უგზავნის კარგ სიგნალს, შიგნითაც და გარეთაც, რომ ეს არის ქვეყანა, რომელი გახდა უფრო სტაბილური. ასევე გვაძლევს დამატებით ეკონომიკურ და ფინანსურ რესურსებს.

"ძალიან დიდია გაწევრიანების გზაზე მდგარი ქვეყნების ფონდი. ისინი ზუსტად ისეთ რაღაცებში გვეხმარებიან, რომლებიც ძალიან გვჭირდება, იმისთვის რომ ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ, გავაძლიეროთ. ჩვენ მიგვაჩვიეს, რომ პატარა რაღაცებზე ვიკამათოთ და დიდ იდეებზე აღარ ვიფიქროთ. ვთქვათ, აი ახლა გზას გაიყვანენ, დენი იქნება, 24-საათაიანი წყალმომარაგება და ა.შ. მაგრამ ასე სახელმწიფოები ვერ მიდიან წინ. ასე შეიძლება ერთი ადგილი ტკეპნო.

სახელმწიფო მმართველობა ჩემთვის არის ის, რომ მოვიფიქროთ ისეთი პროგრამები, პროექტები, რომლებც დიდ ნახტომებს გაგვაკეთებინებს განათლებაშიც, ეკონომიკაშიც და ა.შ. ამიტომ ის პროექტები, რაც ჩვენს გეგმაშია, არის მნიშვენლოვანი. იგივე ანაკლიის პორტის საკითხი, ახალი აეროპორტების მშენებლობა, კარგი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა, ეს ყველაფერი მოგვცემს ახალ ენერგიას, იმპულსა და შესაძლებლობებს. ამიტომ, ეს 200 000 სამუშაო ადგილის საკითხი ჩემთვის აქედან მომდინარეობს. ეს იქნება უფრო მაღალანაზღაურებადი და კარგი სამუშაო პირობებით, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევცალოთ დამოკიდებულება შრომის მიმართაც", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ. 

მისივე თქმით, ასევე გარდაქმნას საჭიროებს სოციალური უსაფრთხოების სისტემაც. 

ლევან ცუცქირიძემ მიიჩნევს, რომ დემოკრატია და ევროკავშირი არის ბაზა, რაზეც უნდა დაშენდეს ყველაფერი. ამ ორს კი ეკონომიკური განვითარებასთან ერთად მოაქვს ის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს უკეთესი სოციალური დაცვის სისტემა, უკეთესი უსაფრთხოების ბადე და უკეთესი პენსიებიც.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები, წინასაარჩევნო პერიოდში, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აქტიურად მართავენ.

ოპოზიციურ კოალიცია "ძლიერ საქართველოში” (9 ნომერი) “ლელო”, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი, “თავისუფლების მოედანი” და მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთიანდებიან.

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.