დასავლური სანქციების შემდეგ,
ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან
გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრობს.
კობახიძე, დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებას, უკრაინაში
ომს აბრალებს და იმედი აქვს, რომ ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირი
და აშშ საქართველოსთან შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს.
"ჩვენი პრინციპული სტრატეგიული
ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება მომავალი წლიდან.
როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე
ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს
საქართველო-ამერიკისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების
გადატვირთვას. როგორც კი დასრულდება ომი და ვფიქრობ, ეს მოხდება
მომავალ წელს, ჩვენ ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს, როგორც
ევროკავშირისგან, ასევე აშშ-გან ", - განაცხადა
კობახიძემ.
კობახიძემ ასევე ისაუბრა
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაანონსებულ იმპიჩმენტზე და
თქვა, რომ მმართველი გუნდი შესაბამის წარდგინებას საკონსტიტუციო
სასამართლოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტანს.
"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
შევა შესაბამისი წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ
შეგვიძლია გადავცდეთ ას მანდატს და იმპიჩმენტი არის რეალური. ეს არის
სიმბოლური აქტი. აქედან ერთ თვეში, სალომე ზურაბიშვილს მაინც გაუვა
უფლებამოსილების ვადა, ამიტომ იმპიჩმენტს აქვს სიმბოლური დატვირთვა.
არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად არღვევდა
კონსტიტუციას და ჩადიოდა ქვეყნის ღალატს, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს
თანამდებობიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან
საუბრისას.
გამოუვა თუ არა მმართველ გუნდს
ქვეყნის მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება, ეს არჩევნების
შედეგებზეა დამოკიდებული.
მასალის გამოყენების პირობები