მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა იწურება,
"ქართული ოცნება" მაინც აპირებს ქვეყნის მთავარსარდლის იმპიჩმენტის
პროცედურები დაიწყოს.
ხელისუფლება ამ ფორმით, პრეზიდენტის დასჯას ცდილობს. გამოუვა თუ არა
მმართველ გუნდს ქვეყნის მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება, ეს
არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს
მოაგროვებს.
"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
შევა შესაბამისი წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ
შეგვიძლია გადავცდეთ ას მანდატს და იმპიჩმენტი არის რეალური. ეს არის
სიმბოლური აქტი. აქედან ერთ თვეში, სალომე ზურაბიშვილს მაინც გაუვა
უფლებამოსილების ვადა, ამიტომ იმპიჩმენტს აქვს სიმბოლური დატვირთვა.
არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად არღვევდა
კონსტიტუციას და ჩადიოდა ქვეყნის ღალატს, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს
თანამდებობიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან
საუბრისას.
პრემიერი ტექნიკური მთავრობის
გეგმას ფარსს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების"
რეიტინგი 60%-ს შეადგენს.
დასავლური სანქციების შემდეგ,
ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან
გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრობს. კობახიძე, დასავლურ პარტნიორებთან
ურთიერთობების გაფუჭებას, უკრაინაში ომს აბრალებს და აცხადებს, რომ
ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირსა და აშშ-თან ურთიერთობები
დალაგება.
"ჩვენი პრინციპული სტრატეგიული
ამოცანაა გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება მომავალი წლიდან.
როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე
ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს
საქართველო-ამერიკისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების
გადატვირთვას", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი, სვეტიცხოვლობის
დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში
იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები