ქუთაისში, სიპებისა და აიპების წარმომადგენლებს, ოპოზიციურად
განწყობილი ადამიანების განეიტრალება დაავალეს - ინფორმაციას
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ავრცელებენ, რომლებმაც
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან, ბრიფინფი გამართეს.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა გიგი უგულავამ განაცხადა, ბრიფინგის
ჩატარების ადგილად სტადიონის შერჩევა შემთხვევითი არ არის, რადგან
სწორედ მის ადმინისტრაციულ შენობაში გამართეს "ოცნების" ქუთაისის
ორგანიზაციის ლიდერებმა შეხვედრა, სადაც, მისივე თქმით, სიპებისა და
აიპების წევრებს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის
პირადობის მოწმობების ჩამორთმევა მოსთხოვეს.
მისივე თქმით, შეხვედრა 7 ოქტომბერს, საღამოს ექვს საათზე გაიმართა და
მას 200-დან 250-მდე სიპებისა და აიპების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
"ამ შეკრების ორგანიზატორები იყვნენ ბატონი გია ბასილაძე, ქუთაისის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ასევე არის "ოცნების"
ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მეორე, საკრებულოს წევრი ბატონი
გია მახარაძე (საუბრობს ქუთაისის საკრებულოს წევრზე, ბაქარ
მახარაძეზე), რომელიც, როგორც წესი, ცნობილია, ძირითადად, მოზონდერო
ჯგუფების კოორდინატორად. შეკრებას ასევე ესწრებოდა პარტიის ცენტრალური
ოფისიდან ბატონი კაკულია.
ისაუბრეს იმაზე, რომ მოხდეს იდენტიფიცირებული ოპოზიციური
ამომრჩევლების (ძირითადად ხანში შესული ამომრჩევლების), რომლებიც უფრო
ინერტულობით გამოირჩევიან, განეიტრალება ნებისმიერი მეთოდით. ანუ,
მათთან შესაბამისი უბნების ავტორიტეტების მიმგზავნა და ყველა მეთოდით,
იქნება დაშინება, მოსყიდვა თუ ა.შ, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა 25
ოქტომბერს და შემდეგ უკვე 27-ში - დაბრუნება",- განაცხადა გიგი
უგულავამ.
მან საჯარო მოხელეებს საარჩევნო კოდექსის 162-ე მუხლი შეახსენა,
რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს
არჩევნებში, რეფერენდუმსა თუ პლებისციტში ადამიანის ნების
განხორციელებაში ხელის შეშლას, კანონით ისჯება.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წარმომადგენლის გია
თევდორაძის თქმით, "ოცნება", რომლის დაპირებითაც, მმართველობის მეოთხე
წელი საუკეთესო უნდა ყოფილიყო, მე-12 წელს საკუთარ მოსახლეობას
პირადობის მოწმობის ჩამორთმევით ევაჭრება და ყველანაირი გზით ცდილობს
მის ხელთ არსებული ძალაუფლება შეინარჩუნოს.
"მათ ჰგონიათ, რომ მათი მთავარი დასაყრდენი არის ადმინისტრაციული
რესურსი, მაგრამ ვარწმუნებ, ამ რესურსიდან ძალიან ბევრი არიან საღად
მოაზროვნე ადამიანი და 26 ოქტომბერს ეს ხალხი მიიღებს იმ
გადაწყვეტილებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციას, მის განვითარებას
და ქუთაისის საპარლამენტო სტატუსს უზრუნველყოფს",- განაცხადა გია
თევდორაძემ.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებთან დაკავშირებით, გია
ბალისაძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს
არ პასუხობს.
"თქვენ შეყავხართ შეცდომაში, ტყუილებს საუბრობენ, არც გია მახარაძე
ვარ კიდე, დაანებეთ ამ აფერისტებს და მატყუარებს თავი, ჩემი თხოვნა
იქნება. უგულავას გამართული ბრიფინგის რა ვთქვით ჩვენ, უგულავა თვითონ
არის განასამართლები ცილისწამებაზე და ზონდერობაზე და ვისზე უნდა
ისაუბროს მაგან საერთოდ, რას უსმენთ. შეცდომაში შეყავხართ, ეს არის
ცუდი",- გვითრხა ბაქარ
მახარაძემ სატელეფონო საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები