პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა,
ქუთაისში, საარჩევნოდ, დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
როგორც ენმ-ის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხათუნა არველაძემ
განაცხადა, მათ მიმართა მოქალაქემ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მის
საცხოვრებელ სახლში ისეთი პირები არიან ჩაწერილი, რომლებიც არც
ცხოვრობენ და არც იცნობს.
ხათუნა არველაძის თქმით, კონკრეტულ მისამართზე 10 პირია ჩაწერილი,
მაშინ როცა, რეალურად, სამი ადამიანი ცხოვრობს.
"კერძოდ, როდესაც საჯარო რეესტრში რაღაც დოკუმენტაციას აწესრიგებდა,
აღმოაჩინა, რომ მის საცხოვრებელ სახლში დამატებით კიდევ სხვა პირებია
ჩაწერილი. მოქალაქე 1986 წლიდან ცხოვრობს ამ ბინაში, მას შემდეგ რაც
აშენდა. მხოლოდ სამი ადამიანია, რომელიც მუდმივად ცხოვრობს აქ.
შეუძლებელია მესაკუთრის ნებართვის გარეშე ჩაწერილიყო დანარჩენი სხვა
პირები. ჩვენ დავაკავშირეთ ის სადამკვირებლო საერთაშორისო
ორგანიზაციებს, სადაც მოახდინეს ფაქტის იდენტიფიცირება",- განმარტა
ხათუნა არველაძემ.
დარღვევების კიდევ სხვა ფაქტზე საუბრობენ პარტიაში.
"ერთიაობა ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსის გია თევდორაძის
თქმით, აქვს კონკრეტული სქრინები ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლის,
სადაც მშობლების ე.წ ჩატში, არის პირდაპირი მოთხოვნა მასწავლებლების
მხრიდან, რომ მშობლებმა ღიად დააფიქსირონ პოზიცია, არიან თუ არა
კეთილგანწყობილი მმართველი პარტიის მიმართ.
"ვფიქრობ, სახეზეა, თუ რა დამოკიდებულება არსებობს ამ არჩევნების
შედეგების და ზოგადად, ამ არჩევნების მიმდინარეობის მიმართ
სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს
მცდელობა, ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს და 26 ოქტომბრისთვის
მოსახლეობა გააკეთებს იმ არჩევანს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას
დასავლეთის, პროგრესის, განვითარების სვლის გზაზე", - განმარტა
თევდორაძემ.
პოლიტიკური გაერთიანების წევრების მიერ მოყვანილ ფაქტებთან
დაკავშირებით, საპასუხოდ, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი ამბობს, რომ აქ საარჩევნო დარღვევა არ
იკვეთება და ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები თავს დებენ იმაზე, რომ
კარგად იციან საარჩვენო კოდექსი და სამართალი, მაგრამ ეს ან საერთოდ
არ იციან, ან იციან და ახლა ასე აჟღერებენ. სად არის საარჩევნო
ბრალეულობა იმაში, რომ ვიღაცასთან ვიღაცაა ჩაწერილი? თუ მე, სახლის
მეპატრონე, არ მივედი იუსტიციის სახლში, არ განვაცხადე, რომ ჩემთან
ვინმეა ჩაწერილი, მერე იმ ადამიანმა თუ არ მოისურვა იქიდან ამოწერა,
ისინიც ვერაფერს იზამენ. აქ არის კერძო საკუთრებაზე საუბარი და ამ
კერძო საკუთრებაში ჩაწერილი პირების კერძო ინტერესი უნდა იყოს, რომ თუ
არ ცხოვრობს, არ არის იურიდიული მისამართი, ამოეწეროს და ჩაეწეროს
მუდმივ მისამართზე", - განმარტა ლარინა ლალიაშვილმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის
ხელმძღვანელისა და იურისტის, ლელა მოწონელიძის თქმით კი, კონკრეტულ
მისამართზე ჩაწერას თავისი პროცედურები აქვს და აქ ისაა გასარკვევი,
რამდენად იყო ეს პროცედურები დაცული.
"ამ კონკრეტულ ფაქტს მე ვერ შევაფასებ, რადგან თავად არ მინახავს,
მაგრამ მსგავსი მანიპულაციები მინახავს არჩევნების დროს და შეიძლება
იყოს ეს დარღვევის ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა საარჩევნო კოდექსში
მსგავსი რამ არ წერია. აქ არის გასარკვევი, ამ ადამიანების ჩაწერა
როგორ მოხდა. ამას თავისი პროცედურები აქვს და ეს პროცედურები
რამდენად იქნა დაცული ჩაწერის დროს. ზოგადად, ჩაწერა ხდება
მესაკუთრის, ან მეზობლების დასტურით", - განმარტავს ლელა
მოწონელიძე.
რაც შეეხება ქუთაისის საჯარო სკოლების მშობლების ჩატში მიმოწერების
შესახებ განცხადებას, ჩვენ ქუთაისის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მაია ცქიტიშვილს დავუკაშვირდით, რომლის
თქმითაც, მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ არის.
"ასეთი რამის შეკითხვა უხერხულია, მასწავლებელს და მშობელს კი არა
ოჯახის წევრს ვერ კითხავ, რომელი პარტიის მიმართაა კეთილგანწყობილი.
ამიტომ შეიძლება რაღაც არასწორი ინფორმაციაა, მე ვერ დავადასტურებ
ამას. ბევრი პედაგოგია, ზოგი რომელ პარტიას უჭერს მხარს და ზოგი -
რომელს. არ ვიცი, თუ ვინმემ სპეციალურად რამე გააკეთა, ყოველ
შემთხვევაში ჩვენგან მსგავსი ტიპის დავალება არ გაცემულა ნამდვილად",
- ამბობს მაია ცქიტიშვილი.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები