"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა "ქართული ოცნების" ქუთაისის
დელეგატს ზაზა ლომინაძეს კითხვებით მიმართეს.
ენმ-ის ეკონომიკური საკითხების მდივანმა ნიკა ობოლაძემ და იმერეთის
რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა აღნიშნული
შეკითხვები მერიასთან გამართულ ბრიფინგზე გააჟღერეს.
"როგორც რიგითი ქუთაისელი, მინდა, "ოცნების" დელეგატს ზაზა ლომინაძეს
ვკითხო: რას ეუბნება ამომრჩეველს, ვის უნდა მისცეს ქუთაისელებმა ხმა,
მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დროს ქუთაისში გადმოტანილ
პარლამენტს, რომელსაც თავადაც უკრავდა ტაშს თუ ბიძინა ივანიშვილის და
"ქართული ოცნების" დროს თბილისში დაბრუნებულ და მიტოვებულ ქუთაისს და
პარლამენტს. ვის უნდა მისცეს ქუთაისელებმა ხმა, წინა ხელისუფლების
დროს აღდგენილ ბაგრატის ტაძარს თუ "ოცნების" დროს დანგრეულ და
განადგურებულ გელათს. ვის უნდა მისცეს ქუთაისელებმა ხმა, მაგალითად,
ნიკეაზე სანაგაოს, რომელიც ეკოლოგიურ კატასტროფად იქცა და 2014 წელს
უნდა დამთავრებულიყო, თუ იმ მიმდინარე პროექტს, რომელიც კიდევ
ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს და იწამლება ნახევარი ქალაქი. ჩვენ
გვაინტერესებს, რას ეუბნება ბატონი ზაზა ამომრჩეველს, როცა მათ
"ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდებს",- განმარტა თემურ
ცამციშვილმა.
რატომ არის 12 წლის განმავლობაში ქუთაისი დაცლილი და მიტოვებული და
ამის ფონზე, რატომ უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა "ქართულ ოცნებას" -
აღნიშნილი კითხვებით მიმართა ენმ-ს ეკონომიკური საკითხების მდივანმა
ნიკა ობოლაძემ.
"გვაინტერესებს რა დააშავა ქუთაისმა იმის ფასი, რა ფასსაც იხდის, რომ
მოსახლეობა განახევრდა და რაოდენობით #2 ქალაქი #4 ქალაქი გახდა. რა
დააშავა ქუთაისმა, რომ აეროპორტი, რომელიც უნდა გაფართოვებულიყო,
დამატებოდა სატვირთო ტერმინალი, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან ერთად
უნდა ყოფილიყო ინვესტიციების და ტურიზმის შემომყვანი, გახდა
ემიგრაციის წყარო. რა დააშავა ქუთაისმა ისეთი, რომ ბავშვთა შობადობა
არის შემცირებული, ქალაქი არის დეპრესიული და მიტოვებული. რატომ იყო
12 წლის მანძილზე, ქალაქის დასჯის და მიტოვების პოლიტიკა და რას
ეუბნება ქუთაისელებს დღეს, რომ უნდა გაგრძელდეს ეს პოლიტიკა?",-
განმარტა ნიკა ობოლაძემ.
თუ რა პასუხი აქვს მმართველი პარტიის დელეგატს და ქუთაისის მაჟორიტარ
დეპუტატს ზაზა ლომინაძეს, ამის გასარკვევად დავუკავშირდით, თუმცა, მან
ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ
"ოცნების" ქუთაისის დელეგატი ვრცელ ვიდეოს ჩაწერს, სადაც ყველაზე
კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული.
მასალის გამოყენების პირობები