"ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის
გარდაცვალების ფაქტს საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ბრიფინგზე გამოეხმაურა.
მან მომხდარში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა და განმარტა, რომ
მათი გუნდის წევრის გარდაცვალება ენმ-ს "ფაშისტური პოლიტიკის და
საქმიანობის გამოხატულებაა".
"დღევანდელი ბრიფინგის დაწყება გვიწევს უმძიმესი ამბით, რომელიც ეხება
ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას. გუშინ,
წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე
ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს
ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და
გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც
„ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული
მეთოდებით. მინდა ჩვენი გუნდის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება და
სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახის მისამართით და ახლობლების
მისამართით",- განაცხადა გივი მიქანაძემ.
"ქართული ოცნების" წევრი ერმილე გიგიაძე გუშინ, 4 სექტემბერს,
გარდაიცვალა.
როგორც წყალტუბოს შტაბის უფროსის მოადგილე კობა გურეშიძე ("ოცნებიდან)
"ქუთაისიპოსტთან"
განმარტავს, ერმილე გიგიაძე შტაბიდან გამოდიოდა,
რა დროსაც ოპოზიციის აქტივისტი მასთან მივიდა და სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენა.
მისივე ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს მმართველი პარტიის
წევრი, რომელსაც გულის პრობლემები ჰქონდა, ადგილზე
გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა რა მუხლით,
ამას ჯერ ვერ აკონკრეტებენ.
ამავე თემაზე:
"კამათში გაუსკდა გული" - რა მოხდა წყალტუბოს
მუნიციპალიტეტში
მასალის გამოყენების პირობები