წყალტუბოს მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" წევრი ერმილე გიგიაძე
გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ, 4 სექტემბერს, სოფელ გეგუთში მოხდა.
როგორც შტაბის უფროსის მოადგილე კობა გურეშიძე "ქუთაისიპოსტთან"
განმარტავს, ერმილე გიგიაძე შტაბიდან გამოდიოდა, რა დროსაც ოპოზიციის
აქტივისტი მასთან მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მისივე ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს მმართველი
პარტიის წევრი, რომელსაც გულის პრობლემები ჰქონდა, ადგილზე
გარდაიცვალა.
"მე მოგვიანებით მივედი, მაგრამ რაც მომიყვნენ ის არის, რომ შტაბიდან
გამოდიოდა ერმილე, რა დროსაც მან უთხრა, რას შეკრებილხართ ქვეყნის
დამქცევებოო, ახალგაზრდობას არცხვენთ, მალე მოვა ახალი ხელისუფლება და
თქვენ განახებთ სეირსო. იყო ასეთი ლანძღვა-გინება და დამუქრება, რაც
გადაიზარდა კამათში. ამ დროს სხვებიც გამოვიდნენ შტაბიდან, თუმცა
საუბედუროდ, კაცი ჩაიკეცა და გარდაიცვალა. გულის პრობლემა
ჰქონდა და ამ კამათში გაუსკდა გული. მაგათი ხელწერაა ადამიანების
წყობიდან გამოყვანა, უბედურება და კი მივიღეთ ასეთი შედეგი", - ამბობს
"ოცნების" შტაბის უფროსის მოადგილე კობა გურეშიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელთანაც ერმილე გიგიაძეს
სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური
მოძრაობის" აქტივისტია.
"რა მოხდა ზუსტად არ ვიცი, გამოძიება დაადგენს ამას. მანდ პოლიტიკური
სიტუაცია არ იყო, ასე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა. ურთიერთშორის მოხდა
რაღაცა, რა მოხდა და როგორ, არ ვიცი. შეიძლება არც აქტივისტი იყო,
მისი სახელი და გვარი არ მეცნობა, შეიძლება მომხრე იყო",- ამბობს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" თავმჯდომარე ზურა ლექვინაძე.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით,
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა რა მუხლით, ამას ჯერ ვერ
აკონკრეტებენ.
მასალის გამოყენების პირობები