„ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და
ორთაჭალაში ახალი ცენტრალური ოფისიც გახსნა.
საზეიმო ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი
იქნება.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის
თავზე „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი.
„რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ, სულ მცირე, 12 წელიწადი
არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“,- განმარტა კობახიძემ.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნების“
სლოგანი იქნება: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით
ევროპისკენ“.
ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და „ხალხის
ძალა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ
მონაწილეობას.
მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის
გახსნაზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილიც, რომელმაც საარჩევნო კამპანია 2012 წელზე საუბრით დაიწყო
და აღნიშნა, რომ „ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი,
რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60%
უცხადებს ნდობას.
გარდა ამისა, ივანიშვილმა ილაპარაკა მითიურ "გლობალურ ომის პარტიასა“
და "აგენტურაზე“, ჩამოთვალა ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების გვარები,
რომლებსაც "უსამშობლო პოლიტიკოსები" უწოდა
„გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ
ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის
ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ
აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური „ნაციონალური
მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს.
სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ –
სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას
და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების
შესრულებაზე მოაწერენ ხელს. „ან იომებთ, ან წახვალთ“ – ეს არის ყოვლად
მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26
ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს“,- განმარტა ბიძინა
ივანიშვილმა.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები